განცხადება ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით

2013 წლის 11 მარტს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებათა პროექტთან დაკავშირებით. დასკვნა მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და სასამართლო პროცესების გაშუქება მედიის მიერ.

აღნიშნული დოკუმენტი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საგანი გახდა როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე პოლიტიკური სპექტრისა და მედიის მიერ. განსხვავებული აზრები არსებობს ცვლილებებთან დაკავშირებული შეფასებების სწორედ იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი მეთოდის გათვალისწინებით, მოქმედი წევრებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასა და კონკრეტული თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას ეხება.

უპირველეს ყოვლისა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ვენეციის კომისიის მიერ დადებითად შეფასდა. კერძოდ აღინიშნა, რომ „უმჯობესდება ორგანული კანონის ბევრი დებულება და კანონი უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით პროგრესულად იქნა მიჩნეული იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესი. იმავდროულად კომისიის მიერ გამოითქვა რიგი მნიშვნელოვანი შენიშვნები და მოსაზრებები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეს წესი ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს იუსტიციის საბჭოში ირჩევს 6 წევრს. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საბჭოს შემადგენლობის საპარლამენტო კომპონენტი არჩეულ უნდა იქნეს კვალიფიციური უმრავლესობით – ხმათა ორი მესამედით ან რაიმე პროპორციული მეთოდით, რომელიც უზრუნველყოფს ოპოზიციის გავლენას საბჭოს დაკომპლექტებაზე. კომისია თვლის, რომ სავარაუდო კრიზისის თავიდან აცილების მიზნით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს სპეციფიკური მექანიზმი. თუმცა ეს მექანიზმი არ უნდა იქცეს დამაბრკოლებელ გარემოებად კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პროცესისათვის. კიდევ ერთი შენიშვნა ეხება კანონპროექტის იმ დებულებას, რომელიც აწესებს შეზღუდვებს სასამართლოს თავმჯდომარეებისა და სასამართლო სისტემის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებისათვის, არჩეულნი იყვნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კომისიის აზრით, თუ საბჭო წარმოადგენს მთლიანად სასამართლო ხელისუფლებას, მაშინ არასწორი იქნება ჩამოერთვას სასამართლო სისტემის რომელიმე წევრს შესაძლებლობა, იყოს არჩეული საბჭოში. თუმცა პროცესის მონაწილეთა მიერ გამოხატული წუხილების გათვალისწინებით, კომისია უშვებს შესაძლებლობას, დაწესდეს ზღვარი საბჭოს წევრი თავმჯდომარეების მაქსიმალურ რაოდენობაზე.

რაც შეეხება გარდამავალ დებულებებს, კანონპროექტის თანახმად, კანონის ამოქმედებისთანავე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, უწყდებათ უფლებამოსილება. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ეს ნორმა ამოღებულ უნდა იქნეს კანონის პროქტიდან. „იუსტიციის საბჭოების მნიშვნელოვანი ფუნქციაა მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური ზეგავლენისაგან. სწორედ აღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე, არამართებული იქნებოდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრული განახლების დაშვება,“ – აღნიშნულია დასკვნაში. კომისია მხარს უჭერს იუსტიციის საბჭოს წევრობის უწყვეტობას და თვლის, რომ პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ამ პრინციპს. „საბჭოს ყველა წევრის ვადამდელი გათავისუფლება შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ახალ მთავრობასა თუ ახალ პარლამენტს, რომელიც მხარს არ უჭერს საბჭოს შემადგენლობასა თუ წევრებს, შეეძლება მისი ვადამდელი დათხოვნა და ახალი საბჭოთი ჩანაცვლება.“

დასკვნის სახით, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭოს წევრებმა დაასრულონ უფლებამოსილების ვადა და კანონპროექტის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულ იქნეს ის ნორმა, რომელიც მოქმედი წევრებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შეეხება. თუმცა ითვალისწინებს რა კანონპორექტის მხარდამჭერთა არგუმენტებს, შესაძლებელად მიიჩნევს გარდამავალი ზომების მიღებას, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მოქმედი საბჭოს დაახლოება დაკომპლექტების მომავალ მეთოდთან. ამგვარი ზომების მაგალითად კომისია ასახელებს სასამართლოების მოქმედი თავმჯდომარეების მიერ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში დარჩენის მიზნით, ასევე ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ განხორციელებული დანიშვნების დამტკიცებაზე მოსამართლეთა კონფერენციის თანხმობას.

ითვალისწინებს რა ვენეციის კომისიის წვლილს, რომელიც ამ ავტორიტეტულ ორგანოს უკვე არაერთი წელია შეაქვს საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის საქმეში, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებლად უნდა მიიღოს მხედველობაში ის მნიშვნელოვანი შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც ასახულია ზემოაღნიშნულ დასკვნაში, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს სასამართლო სისტემის დაგეგმილი რეფორმის შესაბამისობას დემოკრატიულ სტანდარტებთან და გააძლიეროს აღნიშნული ინიციატივის ლეგიტიმაცია.

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გთავაზობთ ვენეციის კომისიის ზემოაღნიშნული დასკვნის არაოფიციალურ ქართულ თარგმანს.