სიახლეები

29
მარტი2021

არსებული პოლიტიკური კრიზისი სწრაფად უნდა დაიძლიოს

„ხალხის მმართველობა, ხალხის მიერ და ხალხისათვის“ - პრეზიდენტ ლინკოლნის ეს სიტყვები ყველაზე უკეთ გამოხატავს დემოკრატიის არსს, რომელიც პოლიტიკოსებს  საქართველოში სამწუხაროდ იშვიათად ახსენდებათ. 

იმისთვის, რომ დემოკრატიამ იფუნქციონიროს, აუცილებელია ხელისუფლების ფორმირება ხალხის ნების შესაბამისად ხდებოდეს, ხოლო პოლიტიკოსების უმთავრესი საზრუნავი ხალხის ინტერესისთვის მსახურება უნდა იყოს. 

დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას წარმოადგენს და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.  ეს ისტორიული არჩევანი საქართველოს ხალხმა 100 წლის წინ გააკეთა, როდესაც საქართველოს მმართველობის ერთადერთ და უცვლელ ფორმად დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა.

დემოკრატია მოითხოვს, სახელმწიფოში პოლიტიკური ხელისუფლების მოპოვება ხდებოდეს პერიოდული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით, ფორმალური პოლიტიკური თანასწორობის პირობებში. სამართლიანად ჩატარებული არჩევნები, რომელსაც საზოგადოებრივი ნდობა გააჩნია,  უზრუნველყოფს რა საზოგადოებრივი განწყობების საკანონმდებლო ორგანოში მანდატებად პროპორციულ გარდაქმნას, თავად არის გარანტორი ქვეყნის მშვიდობიანი დემოკრატიული განვითარების. სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩეული ხელისუფლება საკუთარ ძალაუფლებას ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით უნდა ახორციელებდეს, სადაც ხელისუფლების შტოები აკონტროლებდნენ და აწონასწორებდნენ ერთმანეთს.

სამწუხაროდ, ბოლო წლებია, საქართველოს ისეც მყიფე დემოკრატია, თვალსაჩინო რეგრესს განიცდის.

ჩვენ უკვე წლებია ცხადად ვხედავთ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნებს, არაფორმალურ, ოლიგარქიულ მმართველობას, სადაც მოშლილია ხელისუფლების ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმი, და სამწუხაროდ, უფრო და უფრო ვუახლოვდებით ავტორიტარიზმს. ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უსპობს იმედს, იცხოვრონ სახელმწიფოში, რომელიც მათი ბედნიერებისკენ სწრაფვას უზრუნველყოფს, გზას უღობავს შესაძლებლობას, საკუთარი, კონსტიტუციით განმტკიცებული არჩევანის შესაბამისად, გახდნენ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი.

პოლიტიკურ პოლარიზაციასა და ხელისუფლების მხრიდან კანონის უზენაესობის პრინციპის სისტემურ უგულვებელყოფასთან, სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკური მართლმსაჯულების ინსტრუმენტებად გამოყენებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მმართველი პარტიის ურთიერთშერწყმასთან, ოპონენტთა დევნასთან, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა ნდობის დაკარგვასა და საერთო-საზოგადოებრივი ნიჰილიზმთან შეგუება, ნიშნავს უარს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე  და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისი ინტეგრაციის პროცესზე.  ამ ფონზე, ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესია, ავტორიტარიზმთან შეუგუებლობა და მის წინააღმდეგ ბრძოლა. 

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, სათავეს 2019 წლის ივნისიდან იღებს, რომელიც მასშტაბური საპროტესტო ტალღით დაიწყო და ქვეყანაში რუსეთის დუმის დეპუტატის სტუმრად მოწვევასა და მის მიერ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს  თავმჯდომარის სავარძელის დაკავებას   მოჰყვა.[1] 

საპროტესტო ტალღისა შემდეგ, რასაც ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალით უპასუხა და რომლის შედეგად 240-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, საზოგადოებამ ხელისუფლების მხრიდან დაპირება მიიღო, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დავკავშირებით, თუმცა იმავე წლის 14 ნოემბერს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ „აჯანყებული“ მაჟორიტარი დეპუტატების გამოყენებით სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა ჩააგდო.

პროცესების ამგვარმა განვითარებამ ახალ ეტაპზე გადაიყვანა პოლიტიკური დაპირისპირება და  მხოლოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 8 მარტს შეთანხმების მიღწევა.

ოპოზიციას ამ შეთანხმებით გაუჩნდა სამართლიანი მოლოდინი, რომ ხელისუფლება, სხვა პირობების შესრულებასთან ერთად, უარს იტყოდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, თუმცა ხელისუფლების მიერ გიორგი რურუას გათავისუფლებაზე საბოლოო უარმა, მარტის შეთანხმების სრულად განხორციელება ფაქტობრივად ჩაშალა, რის საპასუხოდ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს კონსტიტუციური ცვლილებებისთვის პარლამენტში მხარი დაეჭირათ.

მსგავსად განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ უფრო გააღმავა უნდობლობა მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და წინასაარჩევნო პერიოდი მთლიანად მოიცვა რადიკალიზმა და პოლარიზაციამ.

სწორედ ამ ფონზე, როდესაც გაზრდილი იყო პოლიტიკური ტემპერატურა, ხოლო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამარჯვება-დამარცხების საკითხი მიჯნაზე იდგა,  პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო ინსტიტუტების - საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოების - გამართული და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის პირობებში ფუნქციონირება. სამწუხაროდ, როგორც განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, ეს ასე არ მოხდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტულ, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე ცუდად ჩატარებულ არჩევნებად.

მიგვაჩნია, რომ ოპოზიციის მიერ კენჭისყრის მომდევნო დღეს არჩევნების მეორე ტურებისთვის ბოიკოტის გამოცხადება[2] ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. მიუხედავად უხეში საარჩევნო დარღვევებისა, ძალადობისა თუ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი დაბალი ნდობისა, ოპოზიციას უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად და მონაწილეობა მიეღო მეორე ტურებში.

ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ, მათ შორის, მისი უდიდესი პასუხისმგებლობით დამდგარი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ეზრუნა, საპირისპირო მიმართულებით გადადგა ნაბიჯები, ხელი შეუწყო კრიზისის გაღრმავებას და სახელმწიფოს ავტორიტარიზმისკენ სვლას.  კანონის უზენაესობის სახელით ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის თავმჯდომარის პარტიის ოფისში მასშტაბური სპეცოპერაციით დაკავება[3], რასაც უმწვავესი  საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა[4], სხვა არაფერი იყო თუ არა ამის თვალსაჩინო გამოვლინება. ამ ფაქტმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული ნაპრალი კიდევ უფრო გააღრმავა და შექმნილი პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა. 

ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად,  ხელისუფლებას არ ჰყოფნის გამბედაობა, აღიაროს, რომ საქართველოს ხალხის ინტერესის მსახურება პირველ რიგში მისგან მოითხოვს პოლიტიკური კრიზისის სწრაფად დასრულებას, რასაც ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერება უნდა მოჰყვეს და არა ავტორიტარიზმთან შეგუება. მიღწეულმა შეთანხმებამ კრიზისი არსებითად უნდა დაასრულოს და არა გაყინოს, რადგან გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შესაძლოა მისმა გალღობამ კიდევ უფრო დიდი დაპირისპირებას დაუდოს სათავე.

ამ მძიმე ფონზე, განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მონდომება და არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მათი უპრეცედენტო ჩართულობა. ეს ძალისხმევა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იმის თვალსაჩინო მტკიცებულებაა, თუ რატომ ვხედავთ ჩვენს მომავალს დასავლეთში, მათ გვერდით.

ის, რომ შეთანხმებამ რეალური შედეგი გამოიღოს აუცილებლად მიგვაჩნია შეთანხმება იყოს არსებითი ხასიათის, რომელიც ავტორიტარიზმიდან დემოკრატიული განვითარების რელსებზე დაგვაბრუნებს. 

სწორედ ამიტომ აუცილებელად მიგვაჩნია:

  • პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ნიკა მელია და გიორგი რურუა, რომელთა მიმართაც მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებით ხორციელდება, ასევე შეწყდეს სხვა, მსგავსი მოტივებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებიც, რომლებსაც ხელისუფლება პერიოდულად იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ;
  • შეთანხმებამ მოიცვას საგამოძიებო და სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომელმაც მათ შორის უნდა დაასრულოს სასამართლოში კლანური მმართველობა;
  • არსებითად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რამაც ნდობა უნდა დაუბრუნოს საარჩევნო პროცესს;
  • ოპოზიციის განსაკუთრებული ვალია, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეფორმის ქვეყნისათვის სასურველი შედეგით დასრულებაში, სწორედ ამიტომ, ამ ცვლილებებზე  სამუშაოდ უნდა შევიდეს პარლამენტში;

და რაც მთავრია, შეთანხმებამ პოლიტიკური კრიზისი არსებითად შეიძლება დაასრულოს მხოლოდ მაშინ, თუ ხალხი გადაამოწმებს და დაიჯერებს, რომ ხელისუფლებაში ყოველთვის არიან ისინი, ვისაც საკუთარი ძალაუფლება მათ გადასცეს, რადგან დემოკრატია ნიშნავს „ხალხის მმართველობას, ხალხის მიერ და ხალხისათვის.“



[1] იხილეთ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციის პირდაპირი რეპორტაჟი - https://bit.ly/3dfIl31 

[2] იხილეთ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე - https://bit.ly/3sxHOQq

[3] იხილეთ ნიკა მელიას დაკავების კადრები - https://bit.ly/3u3JUI5

[4] იხილეთ გამოხმაურება ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით - https://bit.ly/3syn5fo

სხვა სიახლეები

არქივი

09 მაისი, 2021

მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს

05 მაისი, 2021

2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე ფართომასშტაბიანი ამნისტია მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის იდეას

03 მაისი, 2021

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შეფასება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით

28 აპრილი, 2021

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად