საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა, მოსამართლე მანანა კობახიძის შესახებ ე.წ. სუსის კრებსებიდან გავრცელებულ ინფორმაციას მის მიმართ დისციპლინური წარმოების დასაწყებად სარწმუნოდ არ მიიჩნევს

საკონსტიტუციო სასამართლომ GDI-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა, „აიისას“ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე მანანა კობახიძის შესახებ ე.წ. სუსის კრებსებიდან გავრცელებულ ინფორმაციას არ მიიჩნევს სარწმუნოდ/ავთენტურად, შესაბამისად უარს ამბობს მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე. მაშინ, როდესაც, სასულიერო პირი მოსამართლესთან კომუნიკაციის ფაქტს საჯაროდ ადასტურებს, ხოლო, ამავე ინფორმაციის თანახმად, მანანა კობახიძე გენერალური პროკურატურისგან აღნიშნული ფაქტის შესახებ სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

 

GDI მიიჩნევს, რომ სასამართლოს პასუხი უკანონო, ფორმალისტური და დაუსაბუთებელია. ამასთან, მის მიერ შუამდგომლობის პასუხად განვითარებული მსჯელობა მოკლებულია ანგარიშვალდებულების განცდას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს სასამართლოს ავტორიტეტზე და მისდამი საზოგადოებრივი ნდობის ხარისხზე.

 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 12 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია, რომელთა შორის წარმოდგენილია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს შორის გამართული საუბრის ჩანაწერის კრებსი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათი საუბრის თემა იყო საკონსტიტუციო სასამართლოში GDI-ს წარმომადგენლობით მიმდინარე საქმე - „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მოსამართლე მანანა კობახიძეს მიმდინარე საქმეზე ჰქონდა კომუნიკაცია საქმის შედეგით დაინტერესებულ გარეშე პირთან, სავარაუდოდ გამოთქვა საკუთარი, წინასწარ განსაზღვრული პოზიცია და განაცხადა, რომ ის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას იზიარებდა. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციის ფაქტს ადასტურებს პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე, ხოლო მოსამართლე მანანა კობახიძეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. 2021 წლის 22 სექტემბერს GDI-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და  მოითხოვა საქმეზე „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მოსამართლე მანანა კობახიძის აცილება და მის მიმართ დისციპლინარული წარმოების დაწყება.

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის და ამ მიზნით დისციპლინური წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია „მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელის“ ჩადენა. სასამართლოს რეგლამენტის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კი  „თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის ცნობილი გახდა, ინფორმაცია, რომელიც აჩენს გონივრულ ეჭვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გადასცემს საკითხს შესასწავლად ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას და იწვევს პლენუმის სხდომას.“ ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ამ საკითხის ინიცირებისას, თავმჯდომარემ უნდა მიუთითოთს შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე და კომისას მიაწოდოს მასალები.

 

ზემოთ მოყვანილი გარემოებები აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მანანა კობახიძეს მართლაც ჰქონდა წინასწარი კომუნიკაცია განსახილველი საქმის შედეგით დაინტერესებულ პირთან და წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიციიდან გამომდინარე, იგი მიკერძოებულია. შესაბამისად, არსებობს იმის საფუძვლიანი ეჭვიც, რომ მან ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი. ამის მიუხედავად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის პასუხში განმარტავს, რომ დისციპლინარული წარმოება არ დაწყებულა, ვინაიდან არ დასტურდება გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა და, ამდენად, არ არსებობს გონირვრული ეჭვი, რომ მანანა კობახიძემ ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი. წერილში აღნიშნულია: „სასამართლოს თავმჯდომარის მიერ არ იქნა მიჩნეული, რომ სახეზეა სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც გააჩენდა გონივრულ ეჭვს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ მანანა კობახიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის თაომაზე“.

 

აღსანიშნავია, რომ სამოსამართლო ქცევების ბანგალორის პრინციპების კომენტარის თანახმად, „მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელის“ შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია ქცევაში გამოვლენილი მიკერძოების ან წინასწარი განწყობის, ან არაჯეროვანი ზეგავლენის ხარისხი“.[1] გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსამართლის ქცევა გავლენას ახდენს მთლიანად მართლმსაჯულების მიმართ ნდობაზე. შესაბამისად, მოსამართლის იმგვარი ქმედება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მის მიუკერძოებლობას და შედეგად ზიანს აყენებს სასამართლო სისტემისადმი ნდობასაც, არის შეუფერებელი მოსამართლის თანამდებობასთან. ამ შემთხვევაში კი მანანა კობახიძის „შეუფერებელი ქცევა“ გამოიხატა სწორედ იმგვარ ქმედებაში, რომელიც დაკავშირებულია მის მიუკერძოებლობასთან. ეს კი საკმარისი უნდა ყოფილიყო სულ მცირე „გონივრული ეჭვის“  გასაჩენად და დისციპლინური წარმოების დასაწყებად.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მითითება გავრცელებული ინფორმაციის არასარწმუნოობაზე, არადამაჯერებელია. მას უნდა ეხელმძღვანელა არა იმ მოცემულობით რომ „არ არსებობს ინფორმაციის გამავრცელებელი პირველწყაროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იდენტიფიცირებისა და გავრცელებული კომუნიკაციის შინაარსობრივი ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა, ოფიციალური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარეშე“, არამედ, რამდენად ქმნის გავრცელებული ინფორმაცია საკმარის საფუძველს მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შესატანად და შედეგად ჩადენილი ქმედების „მოსამართლისთვის შეუფერებლად“  მისაჩნევად.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მანანა კობახიძის „აიისას“ საქმიდან აცილების თაობაზე შუამდგომლობის განხილვა ამ დრომდე  არ დაუსრულებია. ეს საკითხი კოლეგიამ დისციპლინური საქმის წარმოებისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს.

 

აღნიშნულის ფონზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმალისტური პასუხი დაყენებულ შუამდგომლობაზე აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების თაობაზე. ხოლო ამავე პერიოდში მანანა კობახიძის არჩევა მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ, დამატებით მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო არაა მოწოდებული, დაიცვას საკუთარი ავტორიტეტი, შეინარჩუნოს საზოგადოებაში ნდობა და მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

 

[1] Commentary on the Bangalore Principles of Judicial Conduct, United Nations Office on Drugs and Crime, 2007, par. 106. https://bit.ly/3naSIuG