GDI ეხმიანება საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პარტნიორების საფუძვლიანი და არგუმენტირებული კრიტიკის[1] საპასუხოდ, მსგავსი რიტორიკის გამოყენება ადასტურებს სასამართლოში კლანის არსებობას და კლანურ მმართველობას, რომლის მთავარი ამოცანაც, გავლენების შენარჩუნება და არა პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
განცხადებაში პარტნიორების მიერ გამოთქმული კრიტიკა შეფასებულია როგორც აშკარად გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი. უფრო მეტიც, ისინი განცხადების ავტორებს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის დარღვევაშიც კი ადანაშაულებენ. მსგავსი შეფასებები ნათლად მიუთითებს განცხადების ავტორთა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების ნაკლებობაზე.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ განცხადების გავრცელებიდან მალევე, მოსამართლეთა ნაწილმა, სოციალური ქსელების გამოყენებით ღიად დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია და გაემიჯნა განცხადებაში ჩამოყალიბებულ შეხედულებებს. განსხვავებული აზრის ავტორთა შორის არიან როგორც საქალაქო/რაიონული, ასევე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც დადებითად აფასებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წვლილს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისკენ სწრაფვაში.
საქართველოს სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ღრმა კრიზისის ფონზე, ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადება, კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლოს ფუნდამენტური და არსებითი რეფორმის საჭიროებას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლეთა შორის კრიტიკული აზრის არსებობა, რამაც არსებითად უნდა შეუწყოს ხელი სასამართლო ხელისფლების გაჯანსაღების პროცესის დაწყებას.
[1] აშშ-ს საელჩოს განცხადება მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ. ელექტრონულად ხელმოსაწმდომია: https://bit.ly/3EOPy6s
საქართველოში ევროკავშირი ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ. ელექტრონულად ხელმოსაწმდომია: https://bit.ly/3k9FDAa