ლაშა ჩხვიმიანმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის წინაშე GDI იცავს.
ლაშა ჩხვიმიანი 4 წლის განმავლობაში იყო სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მან სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ამისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა. კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი - ლაშა ჩხვიმიანი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია,რომ ლაშა ჩხვიმიანის საქმიანობას დადებითად ახასიათებენ სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრები და მიიჩნევენ, რომ იგი კარგად ართმევდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს თავს. აღნიშნულს მოწმობს ისიც, რომ ლაშა ჩხვიმიანის სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში დმანისის თეატრმა არაერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ღონისძიება წარმატებით განახორციელა. გარდა ამისა, დმანისის თეატრის ბოლო წლების აქტიური მუშაობისათვის მას ჯილდოც გადაეცა. ხაზგასასმელია ისიც, რომ ლაშა ჩხვიმიანის მოღვაწეობის პერიოდში მის მიმართ რაიმე საყვედური არ გამოუთქვამთ და არც რაიმე უარყოფითი შეფასება გაკეთებულა.
მიუხედავად ამისა, თეა წულუკიანმა, 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით ზემოაღნიშნული კონკურსი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა, დმანისის სამხატვრო ხელმძღვანელად კი იმავე დღეს დანიშნა პირი, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას შესარჩევ კონკურსში.
საყურადღებოა, რომ ლაშა ჩხვიმიანის საქმიანობა არაერთხელ მოხვედრილა ადგილობრივი თვითმმართველობის ყურადღების ცენტრში. ადგილობრივი თვითმმართველობის თავდაპირველი უკმაყოფილება გამოიწვია 2018 წლის 9 ოქტომბერს დადგმულმა სპექტაკლმა „ხალხის მტერი“, რომელშიც მწვავე პოლიტიკური საკითხები იყო გაჟღერებული, რასაც უარყოფითად გამოეხმაურა ქალაქის მაშინდელი მერი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სპექტაკლის შემდეგ დმანისის თეატრი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებას (ძირითადად ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების კუთხით) ვეღარ იღებდა. ადგილობრივი თვითმმართველობის სპექტაკლით გამოწვეული უკმაყოფილება დაადასტურა სამინისტროთან არსებულმა სარეკომენდაციო საბჭოს წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, და მიუთითა ხელისუფლებასთან „ურთიერთობის დალაგების“ აუცილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ჩხვიმიანი არ ყოფილა ერთადერთი პირი, რომლის განსხვავებული შეხედულებები მინისტრის მხრიდან რადიკალური ზომების მიღების მიზეზი გახდა. თეა წულუკიანს დისკრიმინაციულ მოპყრობაში არაერთი პირი ადანაშაულებს. მაგალითად, ჯერ კიდევ 31 იანვრის მდგომარეობით, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან გათავისუფლებული 70 თანამშრომელი აპირებდა მათი დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გათავისუფლების გასაჩივრებას სასამართლოში.
ამდენად, მიგვაჩნია, რომ ლაშა ჩხვიმიანიც სწორედ განსხვავებული შეხედულებების ღიად გაჟღერების გამო გახდა მინისტრ თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი. ამასთან, არ არსებობს მის მიმართ განსხვავებული მოპყრობის არანაირი ობიექტური გამართლება და ის არ არის მიმართული რაიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ, არამედ, მინისტრის გადაწყვეტილების ერთადერთ თვითმიზანს წარმოადგენს კრიტიკული შეხედულებების ჩახშობა თეატრებში და კულტურის სფეროში ცენზურის დაწესება, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია.