25-26 მარტს, ოზურგეთსა და ქუთაისში GDI-მ გამართა შეხვედრები სიძულვილის ენის შესახებ. შეხვედრებს უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა დამცველი გიორგი მშვენიერაძე და GDI -ის მკვლევარ-იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი.
გიორგი მშვენიერაძემ ისაუბრა სიძულვილის ენის დეფინიციაზე, მიმოიხილა ჩვენი ქვეყნის ბრძოლის გამოცდილება სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ . მან ასევე ისაუბრა მე-19 - მე-20 საუკუნის საზოგადო მოღვაწეების საქმიანობაზე სიძულვილის ენის წინააღმდეგ. საუბარი ასევე შეეხო სიძულვილის ენის დასჯადობის საკითხს და ზოგადად რა საფრთხეებს შეიცავს სიძულვილის ენის ტირაჟირება საზოგადოებისთვის.
ვასილ ჟიჟიაშვილმა ისაუბრა იმ ზღვარზე რომელიც გადის გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, როგორ უნდა განვასხვავოთ ისინი ერთმანეთისგან. დასასრულს მომხსენებლებმა მიმოიხილეს კონკრეტული მაგალითები.
შეხვედრის მონაწილეებს GDI -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია ვებ-რესურზე „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ მიმდინარე სამოქალაქო განათლების მე-7 ოლიმპიადის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრების წევრები და საჯარო სკოლის მოსწავლეები.
შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.