შსს უხეშად არღვევს ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის უფლებას

GDI ეხმაურება პოლიციის მიერ ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისისთვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უხეშ, ძალადობრივ დარღვევას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პატივი სცეს ადამიანის უფლებას - მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში ტროტუარზე ან სკვერში განათავსოს კარავი. 

გუშინ ღამით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადის პოლიციამ პარლამენტის უკან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის მიზნით კარვის გაშლის უფლება არ მისცა. სამინისტროს წარმომადგენლებმა ბექა გრიგორიადისს კარავი ძალის გამოყენებით წაართვეს. 

საქართველოს კონსტიტუცია იცავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი პროტესტი და განსხვავებული აზრი. პროტესტის დროს კარვების გამოყენება ისტორიულად ეფექტური საშუალება იყო აქტივისტებისთვის საზოგადოების ყურადღების მისაქცევად და საკუთარი პროტესტის გამოსახატად.  

,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:  ,,დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/დასაგნებით გადაკეტვა.“ 

 

კანონი კრძალავს კარვის, სხვაგვარი კონსტრუქციის ან საგნის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე განთავსებას, რაც გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას ან/და შენობის შესასვლელის ბლოკირებას. კანონი არ კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას კარვის ტროტუარზე - ფეხით მოსიარულეთა ადგილზე განთავსებას, ტროტუარზე კარავის დადგმის მეშვეობით პროტესტის გამოხატვა, არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, არამედ  შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელი ნაწილია. ტროტუარზე კარვის განთავსება კონსტიტუციური უფლების ნაწილია, თუკი ამით არ ხდება ადმინისტრაციული ორგანოს პარალიზება ან მისი ნორმალური საქმიანობისთვის ხელშეშლა.

 

გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეები გეგმავდნენ კარვის დადგმას, არა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, არამედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე/სკვერში. ამგვარად, პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის კარვის ჩამორთმევა იყო უკანონო და მიზნად ისახავდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.