2016 წლის 15 - 18 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციტივა“ შეხვედრები გამართა ქ.გორში, ქ. ახალციხეში, ქ. ოზურგეთსა და ქ. ბათუმში, პროექტის „უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „აღმოსავლეთ-დასავლეთი მართვის ინსტიტუტის“(EWMI) (PROLoG) - USAID-ის დაფინანსებით.
შეხვედრებს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, რეგიონული მედიის და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.
პროექტის იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ მოწვეულ სტუმრებს გააცნო პროექტის არსი, მიზნები და ამოცანები. ისაუბრა უმცირესობათა უფლებების დაცვის, მათი მხარდაჭერის აუცილებლობასა და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონებში მცხოვრები რელიგიური, ეთნიკური და გენდერული ნიშნით უმცირესობების პრობლემებზე და გამოწვევებზე. დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ისინი პრაქტიკაში აწყდებიან როგორც რელიგიური, ასევე ეთნიკური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებს. ასევე, გამოიკვეთა მათთვის საკანონმდებლო თუ, ხელისუფლების მხრიდან სხვა სახის ბარიერების შექმნის შემთხვევები.
გორში დისკუსიის პროცესში წამოიჭრა შემდეგი საკვანძო საკითხები:
- გაირკვა, რომ კასპის რაიონის სოფლების (მიქელწყარო, ფერმა, აღაიანი და ხიდისყური) აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელ მოსახლეობას ენობრივი ბარიერის გამო პრობლემები ექმნება, როგორც საგანმანათლებლო, ასევე საჯარო დაწესებულებებთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
- ენობრივი ბარიერი ასევე პრობლემაა გორის რაიონის სოფელ მიქელწყაროს სომეხი ეთნოსის მოსახლეობისთვის, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მათ ურთიერთობას საჯარო დაწესებულებებთან, მათ შორის ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან.
- გაირკვა, რომ ამ მოსახლეობისთვის საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე, მაშინ როდესაც უმეტეს შემთხვევაში მათ არ შეუძლიათ ქართულად კითხვა.
- გენდერული ნიშნით არსებულ პრობლემებზე საუბრისას, საია-ს წარმომადგენელმა აღნიშნა რომ ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ქალები თავს არიდებენ სამართალდამცავებისთვის მიმართვას, მოძალადისთვის ფინანსური სახდელის დადების შიშით, რაც შემდეგ ისევ მათი ოჯახის ბიუჯეტს აწვება ტვირთად.
- შემაშფოთებელია, რომ ოჯახში ძალადობის, თუ სხვა სახის ოჯახური დავების (მამობის დადგენა, ალიმენტის გადახდისგან თავისარიდება და სხვა) სუბიექტების 80%-მდე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არიან.
ახალციხეში მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა გულისტკივილი გამოთქვეს, იმის გამო რომ სახელმწიფო მათ უქმნის ხელოვნურ ბარიერებს საქართველოში მშვიდი და სრულუფლებიანი ცხოვრებისათვის:
- საქართველოს პარლამენტმა 2007 წელს მიიღო რეპატრიაციის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც გულისხმობს ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციას. მათ რიცხვში ხვდებიან მუსლიმი მესხებიც. თუმცა მიუხედავად აღნიშნული კანონისა, შეხვედრაზე დამსწრე მუსლიმმა მესხებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფო მათ თითიდან გამოწოვილი მიზეზებით უარს ეუბნება, ზოგს მოქალაქეობის, ზოგსაც ბინადრობის მოწმობის მიცემაზე, რაც მნიშვნელოვნად აძნელებს მათ ყოფას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ რეპატრიაციის შესახებ კანონი ადგენს მხოლოდ კონკრეტულ პირთათვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების უფლებას, თუმცა მათი აზრით არ არსებობს მექანიზმი თუ როგორ უნდა მიიღონ ამ პირებმა რეპატრიანტის სტატუსი.
- აღინიშნა რომ ამ რაიონშიც უმცირესობათა წარმომადგენლებს ექმნებათ პრობლემები, ენობრივი ბარიერის გამო. რაიონში არსებულ სომხურ სკოლებში, სწავლება მიმდინარეობს სომხეთიდან ჩამოტანილი სასკოლო სახელმძღვანელოებით. რაც შემდეგ აფერხებს მათი ინტეგრაციის პროცესს.
- ზემოთ აღნიშნული პრობლემა მნიშვნელოვნად აძნელებს მათ ურთიერთობას საჯარო დაწესებულებებთან, მათ შორის ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, სასამართლოსთან და სხვა.
ოზურგეთში დისკუსიის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მუსლიმი მესხების პრობლემებზე.
ბათუმში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელმა, ისევე როგორც შეხვედრის სხვა მონაწილეებმა, აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონში, ბათუმში, ნაკლებად დგას რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემა. თუმცა არის საკითხები, სადაც რელიგიური, თუ სხვა უმცირესობები გარკვეულ შევიწროვებას და პრობლემებს აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევები როდესაც მედია არასწორად ან დამახინჯებულად აშუქებს მათი ეკლესიის შესახებ ინფორმაციას;
- სამცხე-ჯავახეთის რეგიონისგან განსხვავებით სადაც საჯარო სამსახურში მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან დასაქმებული და კერძო სექტორშიც დასაქმების კუთხით პრობლემები ექმნებათ, აჭარა ამ მიმართულებით მოწინავე პოზიციაზეა. აჭარაში/ბათუმში მუსლიმები მუშაობენ აჭარის უმაღლეს საბჭოში, პოლიციაში და სხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებაში;
- სხვა რეგიონების მსგავსად აჭარაში მუსლიმებს ექმნებათ პრობლემები საზღვარზე შემოსვლა-გასვლისას. გამოიკვეთა შემთხვევა, როდესაც მუსლიმი თემის წარმომადგენელს ბარიერი შეუქმნეს საეკლესიო წიგნების შემოტანისას და მათი სასულიერო მაღალჩინოსნის თანხმობა მოსთხოვეს;
- ბათუმში კვლავ მწვავედ დგას მეჩეთის მშენებლობის პრობლემა.
შეხვედრების დასასრულს, მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა განხილულ საკითხებზე შემდგომი კომუნიკაციისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.
გორში შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების „ქართლოსის“, ISFED-ის, საია-ს, „ჯანმრთელი სამყაროს“, „ახალგაზრდები მომავლისათვის XXI”, გორის გენდერული თანასწორობის რესურს-ცენტრის, გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ და რეგიონული მედიის: ინტერნეტ გამოცემა www.Qartli.ge, TV თრიალეთის, „ხალხის გაზეთის“, ქართული მედია ჯგუფის წარმომადგენლები.
ახალციხეში შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი, ა/ო „დემოკრატ მესხთა კავშირის“ იურისტები, ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის ხელმძღვანელი, „სამხრეთის კარიბჭეს“ და ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტები, საქართველოს სახალხო დამცველის საკონტაქტო პირი სამცხე-ჯავახეთში, სომხური ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი და მუსლიმი მესხები.
ოზურგეთში შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "დემოკრატიული განვითარების კავშირი", "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი" და "ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრი" წარმომადგენლები, ადვოკატი კახა ჩავლეშვილი და ათამდე სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი.
ბათუმში შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთვრობო ორგანიზაციების "დემოკრატიის ინსტიტუტი", „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საია, ასევე სახალხო დამცველის აპარატის, "გაზეთი ბათუმელები", "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" და კათოლიკური ეკლესიისა და მუსლიმი თემის წარმომადგენლები.