რას მოიცავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი წინადადება კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით

კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა

პარლამენტმა უნდა განახორციელოს ამბიციური სასამართლო რეფორმა ამ საპარლამენტო ვადის განმავლობაში, მათ შორის შემდეგი ცვლილებები, როგორც პირველი ნაბიჯი, ვრცელი, ინკლუზიური და პარტიათშორისი რეფორმების პროცესში.

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის ასამაღლებლად, 2017 და 2019 წლებში მიღებული სასამართლო რეფორმების ორ პაკეტის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა:

ა) გააძლიეროს პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნის გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით, მოსამართლეთა დანიშვნის გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნებით, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე მითითებით;

ბ) წარუდგინოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი,  რომელიც შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის 949/2019 დასკვნასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დანიშვნებისადმი შერყეულ მიდგომას, ღია კენჭისყრას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასნელის მიერ კანდიდატთა ნომინირების დასაბუთების საჭიროებას;

გ) თავი შეიკავონ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნისაგან;

დ) მიიღონ შესაბამისი კანონი, სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის;

  • ამავდროულად, უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით, უნდა შეჩერდეს ყველა მიმდინარე დანიშვნის პროცესი და ხელახდა დაიწყოს, მათ შორის ახალი კანდიდატებისათვის, ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლისთანავე.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, რაც მოიცავს დანიშვნის პროცესებს, შეფასებებს, დაწინაურებებს, გადაყვანას, დისციპლინურ ზომებსა და საჩივრებს. ცვლილებები უნდა მომზადდეს და წარედგინოს ვენეციის კომისიასა და ეუთო/ODIHR -ს შემდგომი დასკვნების მოსამზადებლად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იქნეს შესრულებული.

  • რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, კონსტიტუციური გადასინჯვის აუცილებელი პროცედურების დაცვით, მათ შორის საჯარო განხილვების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას  გაიზიარონ საერთო პოლიტიკური პოზიცია, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭიროა პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმა, რაც უზრუნველყოფს ფართო, პარტიათაშორის პოლიტიკურ მხარდაჭერას. დანიშვნისას  სწორება აიღოს  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, რათა გარანტირებული იყოს პარტიული მიკუთვნებისაგან დაცლილი, დამსახურებაზე დაფუძნებული  გამჭვირვალე დანიშვნები;

  • გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ მუშაობა საერთო პოლიტიკური პოზიციის გარშემო მომავალი გენერალური პროკურორის არჩევისთვის ”ჩიხში შესვლის საწინააღმდეგო” მექანიზმის შესაქმნელად, შემდეგნაირად:

  1. პირველი ორი მცდელობისათვის საჭირო უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა. შემდგომი მცდელობების პირობებში საკმარისი იქნება უბრალო უმრავლესობა.

  2. მომდევნო კენჭისყრა უნდა გაიმართოს წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 4 კვირის შემდგომ.

  3. ნებისმიერი დანიშვნა, ხსენებული „ჩიხში შესვლის საწინააღმდეგო“ პროცედურის შესაბამისად (კვალიფიციურ უმრავლესობაზე დაბალი მოთხოვნა) უნდა იყოს დროებითი, შეზღუდული ვადით - ერთი წლით, რომლის განმავლობაშიც დაიწყება დანიშვნის სტანდარტული პროცედურა.

  • მხარეები ვალდებულებას იღებენ შემდგომი სასამართლო რეფორმა განახორციელონ, ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, მათ შორის სასამართლო რეფორმის მე-3 და მე-4 ტალღების ეფექტურობის შეფასებით. ამ რეფორმების განსახორციელებლად, კერძოდ დანიშნულ/არჩეულ პირთა კეთილსინდისიერების მხრივ, მოითხოვება საერთაშორისო რჩევები და დახმარება.

შესრულების ვადები:

 

  1. დისკუსია ამ შეთანხმების შესრულებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ იწყება დანარჩენი ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე;

  2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნასთვის;

  3. პირველი კენჭისყრა ტარდება 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე.

  4. პარლამენტი იღებს რეფორმებს სწრაფად და არა უგვიანეს 2022 წლის გაზაფხულის სესიის პერიოდში.