სიახლეები

03
ნოემბერი2022

სახალხო დამცველმა ლაშა ჩხვიმიანის საქმეზე ზოგადი წინადადება მიიღო

სახალხო დამცველმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი წინადადებით მიმართა და მოუწოდა დისკრიმინაციის წამახალისებელი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად შეცვალოს სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულება, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება - კონკურსის გარეშე ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში გამოიყენოს.

საქმე ეხება პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსის სამი მონაწილის, მათ შორის ლაშა ჩხვიმიანის განცხადებას, რომელიც განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციის თაობაზე დაობდა.

ლაშა ჩხვიმიანი 4 წლის განმავლობაში იყო სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მან სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ამისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა. კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი - ლაშა ჩხვიმიანი მონაწილეობდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ჩხვიმიანის საქმიანობას დადებითად აფასებდნენ სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრები, თეა წულუკიანმა, 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანებით ზემოაღნიშნული კონკურსი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაშლილად გამოაცხადა, დმანისის სამხატვრო ხელმძღვანელად კი იმავე დღეს დანიშნა პირი, რომელიც არ მონაწილეობდა  შესარჩევ კონკურსში. 

სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრს მინიჭებული აქვს სამხატვრო ხელმძღვანელის საკუთარი შეხედულებით დანიშვნის უფლებამოსილება, როგორც კანონმდებლის ნება, ისე - კანონში ასახული დებულებები, ცალსახად მიუთითებს კანდიდატის არჩევის პროცესში დარგის სპეციალისტების მონაწილეობის (იქნება ეს სარეკომენდაციო საბჭოს სახით თუ სამხატვრო საბჭოების ჩართულობით) არსებით მნიშვნელობაზე. სახალხო დამცველის თქმით, სხვა შემთხვევაში, იზრდება შრომისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებებში, აზრისა და გამოხატვის და შემოქმედების თავისუფლებებში ჩარევისათვის ხელსაყრელი ნიადაგის ჩამოყალიბების რისკები და ჩნდება არაობიექტური, მიკერძოებული, დისკრიმინაციული მოპყრობისა და შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევის ვარაუდი. 

აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითად სახალხო დამცველმა დაასახელა სამივე განმცხადებლის საქმეები, რომელთა ფარგლებშიც განმცხადებელთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდი, მეტწილად, სწორედ იმ გარემოებამ წარმოშვა, რომ მინისტრმა კანდიდატების სარეკომენდაციო საბჭოსთვის წარდგენა მიზანშეწონილად არ ჩათვალა და შესაბამისი კონკურსები ჩაშლილად გამოაცხადა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სარეკომენდაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულია კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, სსიპ „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ შემთხვევაში, კონკურსის ჩაშლის შემდეგ, მინისტრმა საკუთარი შეხედულებით დანიშნა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი.

სახალხო დამცველმა ზოგად წინადადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის კუთხით შესაბამის პერიოდში გამოვლენილი პრაქტიკა “ხელს უწყობს იმგვარი პირობების შექმნას, რომლებმაც, შესაძლოა, კონკრეტული კანდიდატები, მათი განსხვავებული შეხედულებების ან დისკრიმინაციისგან დაცული სხვა ნიშნის გამო, კონკურსის მონაწილე სხვა პირებთან თუ მინისტრის მიერ საკუთარი შეხედულებით დანიშნულ კადრებთან შედარებით, არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენოს შრომითი უფლებებისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებითა და აზრისა და გამოხატვის და შემოქმედების თავისუფლებებით სარგებლობისას და, ამგვარად, პირდაპირი დისკრიმინაციის შემადგენლობა შექმნას. “

აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველმა გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილა კულტურის სფეროში მიმდინარე ზოგად ტენდენციაზე და სამინისტროს დაქვემდებარებული ინსტიტუციებიდან თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნაზე, რომელმაც სამართლიანად გააჩინა თანასწორობის პრინციპის დარღვევის და ცენზურის დაწესების მცდელობის განცდა.

სახალხო დამცველის მიერ განვითარებული მსჯელობა მიუთითებს, რომ პრობლემას ქმნის არამხოლოდ მოქმედი პრაქტიკა, არამედ ის სამართლებრივი აქტები, მათ შორის “პროფესიული თეატრების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას საკუთარი შეხედულებით დანიშნოს სამხატვრო ხელმძღვანელი. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალწარმოება საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება.

ლაშა ჩხვიმიანის ინტერესებს სახალხო დამცველის წინაშე GDI იცავდა.