"სასამართლოს მეგობრის" მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის საქმეზე

2022 წლის 16 თებერვალს, GDI-მ სახელმწიფო ინსპექტორის საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება გაუგზავნა. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეხება სარჩელის პრინციპულად მნიშვნელოვან ნაწილს - სადავოდ გამხდარ ნორმათა მოქმედების დროებით შეჩერებას.

 

სახელმწიფო ინსპექტორმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით საქართველოს კანონდებლობაში შეტანილი ცვლილებების შემდგომ მიმართა. 2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ  დაჩქარებული წესით განიხილულ და მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად იქმნება ორი ახალი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. 2022 წლის პირველი მარტიდან კი უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდებათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას, და მის მოადგილეებს.

 

სახელმწიფო ინსპექტორთან ერთად, ამავე საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი საქართველოს სახალხო დამცველმაც წარადგინა. მოსარჩელეები ითხოვენ მიღებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას, საქმის დაჩქარებულ განხილვას და გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შეჩერებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

GDI-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტის მიზანია სასამართლოს დამატებით მიაწოდოს ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო გამოცდილების და საკონსტიტუციო სასამართლოს წინარე პრაქტიკის სისტემური ანალიზი, მათზე დაყრდნობით კი გააცნოს განსახილველ სარჩელებში მოთხოვნილი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საფუძვლიანობის არგუმენტები.

 

საერთაშორისო იურისდიქციებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ უნდა შეაჩეროს ნორმათა მოქმედება იმ შემთხვევაში თუკი შექმნილი ფაქტობრივი ვითარებიდან გამომდინარე კონსტიტუციური სარჩელების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც შეუძლებელი იქნება პირის აღდგენა უფლებაში, ხოლო ნორმათა მოქმედების შეჩერებით მიღებული სარგებელი აღემატება მათი ძალაში დატოვებით მიღებულ სარგებელს.

 

კერძოდ, იმ შემთხვევაში თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს სადავო ნორმების მოქმედებას,  სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილ ორგანოებად ჩამოყალიბდება, ხოლო კონსტიტუციური სარჩელების დაკმაყოფილებისა და ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების უფლებამოსილების აღდგენა, მოვლენათა პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება. 

 

GDI-ს მიაჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის გადაწყვეტის საკითხი პრინციპული მნიშვნელობის მატარებელია ზემოაღნიშნულ სარჩელებზე მართლმსაჯულების განხორციელებისთვის. სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერების საკითხის დროულად გადაუწყვეტლობა საერთოდ დაუკარგავს აზრს ამ საკითხზე კონსტიტუციური მართლმსაჯულების შემდგომ განხორციელებას და მას ფიქციად აქცევს.

 

იმისათვის, რათა არ მოხდეს საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად, კანონშემოქმედების ვიწროპოლიტიკური მიზნებით გამოყენება, რაც დააზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული სამსახურის ცალკეულ თანამდებობის პირებს, არამედ ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთლიანად ინსტიტუტის ფუნქციონირებაზე და შეასუსტებს მის მიმართ ნდობას საზოგადოებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარ ინსტიტუციურ მეხსიერებაზე დაყრდნობით მიიღოს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. ამგვარი გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლო არა მხოლოდ დააზღვევს ჩამოთვლილ რისკებს, არამედ, დაიცავს იმ პირთა უფლებებსა და ინტერესებს, რომლებიც უშუალოდ ელოდებიან სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მათ საქმეებზე დაწყებული გამოძიების შედეგებს, ასევე თავად სასამართლოს მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოებაში ნდობას.

 

GDI კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს შეასრულოს მისი ფუნქციები  დროულად და ეფექტიანად. არ აქციოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება ფიქციად და ილუზიად.