სასამართლომ უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ ცილისწამების სარჩელი დააკმაყოფილა

2022 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გოჩა დიდავამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა უჩა მამაცაშვილის სარჩელი ააიპ „ანტიკორუფციული მოძრაობისა“ და მისი წარმომადგენლების, ვასო ურუშაძისა და ლაშა ფარულავას წინააღმდეგ. 

 

წარდგენილ სარჩელში  ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი სადავოდ ხდიდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს, რომელშიც ისინი უთითებდნენ უჩა მამაცაშვილის სავარაუდო ჩართულობაზე ტრანსნაციონალურ დანაშაულში (ე.წ „ქოლ-ცენტრების“ საქმე) და მის სავარაუდო კავშირზე საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის გაძვირებასთან. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული განცხადებები იყო ცილისწამებლური. შესაბამისად, სასამართლოს გზით მოპასუხეებისგან ითხოვდა გავრცელებული ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 150 000 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უთითებდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენდა დასკვნებს, რომლებსაც აყრდნობდნენ მათი საქმიანობის ფარგლებში მოძიებულ და გამოთხოვილ არაერთ ინფორმაციას. ამასთან, მათი განცხადებების მიზანი იყო საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსიაში წვლილის შეტანა, უფლებამოსილი ორგანოებისათვის (ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე) ინფორმაციის მიწოდება და სავარაუდო დანაშუალებრივ ქმედებებზე გამოძიების დაწყების ხელშეწყობა.

 

სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიციები. იგი დაეთანხმა მოსარჩელეს და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადებებით უჩა მამაცაშვილს შეელახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, ხოლო მორალური ზიანისათვის თითოეულ მოპასუხეს 5000 ლარის ოდენობის ანაზღაურება დააკისრა. 

 

ამასთან, საყურადღებოა, რომ სასამართლოში დავის მიმდინარეობისას დამატებით რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა:

 

მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის სარჩელის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და განსხვავებით სასამართლოში არსებული ზოგადი, ხანგრძლივი განხილვის პრაქტიკისა, საქმე არაორდინალურად სწრაფად,  შემჭიდროებულ ვადებში, სარჩელის შეტანიდან 4 თვეში განიხილა; 

 

მოსამართლემ დააკმაყოფილა იმ პირების მოწმის სახით დაკითხვა, რომლებიც უჩა მამაცაშვილის სასარგებლო ჩვენებებს მისცემდნენ (მათ შორისაა ზურაბ ნოღაიდელი, დავით ნარმანია და დავით თვალაბეიშვილი) თუმცა უარი თქვა ისეთი მოწმეების დაკითხვაზე, რომლებსაც შესაძლოა სასამართლოსთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილე პირებისა და სავარაუდო კორუფციული სქემის შესახებ, მათ შორისაა გიორგი ქობულია, ლევან ხაბეიშვილი და ნიკა გვარამია.

 

მოპასუხე მხარეს დაყენებული ჰქონდა შუამდგომლობა ლაშა ფარულავასა და ვასო ურუშაძის არასათანადო მოპასუხეებად ცნობის თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი განცხადებებს აკეთებდნენ არა როგორც კერძო პირები, არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, მოსამართელემ არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა და მოპასუხეებს პასუხისმგებლობა დააკისრა არა მარტო როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებს, არამედ როგორც კერძო პირებსაც;

 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მორალური ზიანისათვის მოთხოვნილი თანხის სრულად გადახდა არ დააკისრა მოპასუხეებს, საერთო სასამართლოების პრაქტიკიდან გამომდინარე, თითოეულ მოპასუხეზე 5 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება არის არაპროპორციული და წარმოადგენს არაგონივრულად მაღალ ოდენობას; 

 

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიები არ ყოფილან ჩართული სასამართლო დავაში და არ წარმოადგენდნენ მხარეს, მათ სასამართლომ დაავალა მოპასუხეებისთვის საეთერო დროის დათმობა, რაც მედიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაა;

 

 სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული საფრთხეები. მათ შორის ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სარჩელი შეტანილია ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პირის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის და ცნობილი ბიზნესმენის მიერ, რომელსაც გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ მეტი თმენის ვალდებულება გააჩნია.

 

საყურადღებოა, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები კვლავ აგრძელებენ ცილისწამების საფუძვლით შეტანილი სარჩელებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევას, რითაც, ამჯერად არასამთავრობო ორგანიზიის საქმიანობას უქმნიან საფრთხეს. 

 

საყურადღებოა, რომ ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული სხვა გავლენიანი პირების წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაერთხელ ყოფილა  სასამართლო დავის დაწყების საფუძველი. მსგავსი ტენდენცია წარმოადგენს სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენებას და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას (ე.წ SLAPP სარჩელები). ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანის ტენდენციის გათვალისწინებით კი, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან არსებობს იმის მოლოდინი, რომ ის ხელს შეუწყობს ისეთი სარჩელების შეტანას სასამართლოში, რომელთა მიზანიც არის უფლებადამცველების საქმიანობისათვის ხელის შეშლა - მსგავსი პრაქტიკა კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რამეთუ არის “მსუსხავი ეფექტის” მატარებელი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის.

 

ააიპ „ანტიკორუფციული მოძრაობისა“ და მისი წარმომადგენლების, ვასო ურუშაძისა და ლაშა ფარულავას ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს. საქმეს GDI, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.