სასამართლომ ნოტარიუსის თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლება ბათილად ცნო

2021 წლის 18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლითაც მედეა გვაზავას შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება. სასამართლომ ასევე ბათილად ცნო საქართველოს ნოტარიუსთა პალატის უარი, გაეწია ნოტარიუსისათვის რეკომენდაცია იუსტიციის მინისტრის წინაშე უფლებამოსილების გაგრძელებასთან დაკავშირებით. მედეა გვაზავას ინტერესებს სასამართლოში GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, მარინე კაპანაძე იცავდა.

 

მედეა გვაზავას ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი იყო “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს თანამდებობაზე ყოფნის უფლება აქვს 65 წლის ასაკამდე. თუმცა კანონი  გამონაკლისის სახით ადგენს, რომ იუსტიციის მინისტრს შეუძლია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. ამის საპირისპიროდ, მედეა გვაზავას არ დასცალდა ესარგებლა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ბევრად ადრე მიიღო, ვიდრე მედეა გვაზავას შეუსრულდებოდა 65 წელი.

 

მედეა გვაზავამ განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, რომელსაც სთხოვა მისთვის რეკომენდაცია გაეწია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე. პასუხად, ნოტარიუსთა პალატამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ უკვე გამოცემული იყო ბრძანება ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რის გამოც პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას მიემართა იუსტიციის მინისტრისთვის ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე.

 

სასამართლოში ვამტკიცებდით, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანება და ნოტარიუსთა პალატის უარი გამოიცა საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. კერძოდ, იუსტიციის მინისტრმა ისე მიიღო გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომ არ შეისწავლა მედეა გვაზავას შრომითი უნარები და სხვა ფაქტორები, რითაც ნოტარიუსს უკანონოდ მიაყენა ზიანი და დატოვა ის სამუშაოსა და შემოსავლის გარეშე. უსაფუძვლო იყო ასევე ნოტარიუსთა პალატის უარი მედეა გვაზავას საკითხის შესწავლის შესახებ, ვინაიდან პალატას, როგორც ნოტარიუსის ინტერესების გამტარებელ ორგანოს ჰქონდა არამხოლოდ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულებაც, დაეცვა მედეა გვაზავას უფლებები და მიემართა სამინისტროსთვის რეკომენდაციით. შესაბამისად, სასამართლოში ვითხოვდით ორივე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობას და იუსტიციის მინისტრის მიერ ახალი აქტის გამოცემას. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია პირველ ორ მოთხოვნასთან დაკავშირებით და ბათილად ცნო გამოცემული ინდივიდუალური აქტები.

 

აღსანიშნავია, რომ “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც ადგენს ნოტარიუსის თანამდებობაზე მუშაობის ზღვრულ ასაკს პარალელურად გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.