სასამართლომ ირაკლი კობახიძის სიძის სარჩელის საფუძველზე “ტვ პირველს” არაპროპორციული ოდენობის კომპენსაცია დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა დავით ფაცაციას სარჩელი ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ და მოპასუხეს გავრცელებული ცნობების უარყოფასთან ერთად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც  დააკისრა. 

წარმოდგენილ სარჩელში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, და ამავდროულად, ირაკლი კობახიძის სიძე, სადავოდ ხდიდა მედიაში გაჟღერებულ იმ განცხადებებს, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებულ დასკვნებს სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებზე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს. გაკეთებული განცხადებების თანახმად, “არამიზნობრივად დახარჯული თანხების კვალი სამინისტროს ხელმძღვანელამდე”, დავით ფაცაციამდე მიდის. 

მოპასუხის წარმომადგენლები უთითებდნენ, რომ გაკეთებული განცხადებები იყო შეფასებები, რომელიც ეყრდნობოდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, ხოლო, დავით ფაცაცია მოხსენიებული იყო როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელსაც აკისრია ვალდებულება სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციებზე შესაბამისი რეაგირება იქონიოს.  

ამავდროულად, საყურადღებოა, რომ დავით ფაცაცია, თავდაპირველად კომპენსაციის სახით მოპასუხე ტელეკომპანიისგან 1 ლარს ითხოვდა, შემდეგ კი მოთხოვნა 30 000 ლარამდე გაზარდა. დავით ფაცაციას მიერ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა დაემთხვა ერთი კვირით ადრე კახა კალაძის სარჩელის  დაკმაყოფილებასა და საქმეში მოპასუხეებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ უჩა მამაცაშვილის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას. გარდა ამისა, მინისტრმა კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მოთხოვნის გაზრდა, სასამართლო პროცესზე ღიად განაცხადა, რომ ამით მას სურდა მედია და ჟურნალისტები  გაკეთებული განცხადებებისთვის დაესაჯა. 

სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიციები, ასევე მხედველობაში არ მიიღო მოსარჩელის რეალური მიზანი სასარჩელო მექანიზმის სადამსჯელო ღონისძიებად გამოყენებასთან დაკავშირებით და დაადგინა ცილისწამების ფაქტი. 

განსაკუთრებით საგანგაშოა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხის ოდენობა, რომელიც არაგონივრულად მაღალ ოდენობად უნდა შეფასდეს იმ ზიანთან მიმართებით, რომელიც შესაძლოა მინისტრს განეცადა. მსგავსი ცილისწამების საქმეზე 15 000 ლარის დაკისრება მედიისათვის, მაშინ როდესაც მეორე მხარეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი დგას და გავრცელებული ინფორმაცია ეხება საჯარო ფუნქციების შესრულებას, არ შეესაბამება აქამდე ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, იგი მეტად უწყობს ხელს "მსუსხავი ეფექტის" და შესაბამისად შიშის გაძლიერებას საზოგადოებაში, რომ ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა შეიძლება დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას. 

საყურადღებოა, რომ ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული სხვა გავლენიანი პირების წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაერთხელ ყოფილა  სასამართლო დავის დაწყების საფუძველი. მსგავსი ტენდენცია არის სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას (ე.წ SLAPP სარჩელები). ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანის ტენდენციის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან არსებობს იმის მოლოდინი, რომ საჯარო პირების მხრიდან გაიზრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევის შემთხვევები, რაც არსებითად შეუშლის ხელს მედიის წარმომადგენლების საქმიანობას და შექმნის „მსუსხავ ეფექტს“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის.

 

ტელეკომპანია „პირველის“ ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს. საქმეს GDI, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.