„სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება „მთავარი არხის“ საქმეზე

GDI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა. მოსაზრებაში განხილულია 2021 წლის 25 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევისთვის შპს „მთავარი არხის“  111,903.43 ლარით დააჯარიმების საკითხი.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შპს „მთავარი არხის“ მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეხებოდა ტელეკომპანიის ეთერში განთავსებულ სამ ვიდეორგოლს.  ორი ვიდეორგოლი დაკავშირებულია პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან, რომელშიც ნაჩვენებია სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირების განცხადებები/ფოტოები, მათ ბოლოს კი ისმის სიტყვა „კლავს“ და მოწოდებები: „გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი“, „უთხარი მკვლელებს არა“, „#თავისუფლებამიშას“.   მთავარმა არხმა ეთერში ასევე განათავსა „სირცხვილიას“ მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, რომელშიც წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ პარტიის წევრების ფოტოები, ხოლო კლიპის დასასრულს, მათი ფოტოები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახის კონტურში ერთიანდება და ეწერება „სირცხვილია“.[1]

 

კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული პროდუქტები არის პოლიტიკური რეკლამა, მსგავსი შინაარსის რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსება კი, კომისიის შეფასებით, არის კანონსაწინააღმდეგო. 

 

GDI მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარმოდგენილი ვიდეორგოლები „პოლიტიკურ რეკლამად“ ამ ცნების ძირითადი ელემენტების უგულებელყოფითა და საერთაშორისო პრაქტიკის თვითნებური განმარტების საფუძველზე დააკვალიფიცირა. საქართველოს კანონმდებლობა არც პირდაპირი, მკაფიო მითითებით და არც ნაგულისხმევად არ კრძალავს პოლიტიკური რეკლამის განთავსებას არაწინასაარჩევნო პერიოდში. მეტიც, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური რეკლამის ცნება დაიყვანება „წინასარჩევნო/წინასარეფერენდუმო“ პერიოდზე, ხოლო ამ პერიოდს მიღმა, არცერთი ვიდეორგოლის პოლიტიკურ რეკლამად დაკვალიფიცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

ამასთან, GDI მიიჩნევს, რომ სადავო ვიდეორგოლები  არც თავისი შინაარსიდან გამომდინარე მოიცავს „პოლიტიკური რეკლამის“ ცნების ელემენტებს და სინამდვილეში უფრო გონივრული იქნებოდა მათი   „სოციალურ რეკლამად“ დაკვალიფიცირება.

 

GDI მედიის თავისუფლების საკითხებზე საქმიანობას, მათ შორის განხილული საქმის მონიტორინგს ახორციელებს ევროპული დემოკრატიის ფონდთან (EED) პარტნიორობითა და მხარდაჭერით პროექტის „მედიის თავისუფლების დაცვა კანონმდებლობაში, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლო პრაქტიკაში რეგულაციების გაუმჯობესების გზით“  ფარგლებში.

 

[1] იხ. https://bit.ly/3lLPDRd