GDI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა

2021 წლის 29 ოქტომბერს GDI-მ  თბილისის საქალაქო სასამართლოს  „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა. საქმე ეხება 27 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. კომუნიკაციების კომისია ტელეკომპანიას  საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო ედავება. სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად ჰქონდა ადგილი სამართალდარღვევის ფაქტს.

 

კერძოდ, სასამართლოს წინაშე განსახილველი საკითხი ეხება "მთავარი არხის" მიერ მომზადებულ პროდუქტებს ჰეშთეგით #თავისუფლებამიშას, #თავისუფლებისათვის, რომლის ფარგლებშიც ვიდეორგოლში ჩანს მიხეილ სააკაშვილი,  ასევე ვარდების რევოლუციისა და მისი პრეზიდენტობის ამსახველი კადრები.  ერთ-ერთი ვიდეოს ბოლოს კი ტელეკომპანია მოუწოდებს მაყურებლებს შეუერთდნენ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას.

 

GDI- მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სადავოდ ქცეული ვიდეორგოლების შეფასებისთვისა და სამართალდარღვევის ოქმის გასაფორმებლად საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფილი ანალიზი და უფრო მეტად დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა მართებდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „პოლიტიკური რეკლამის“ საკანონმდებლო ცნების ძირითადი ელემენტების უგულებელყოფით, წარმოდგენილი ვიდეორგოლები „პოლიტიკურ რეკლამად“ დააკვალიფიცირა, რითაც დაუსაბუთებლად გააფართოვა „პოლიტიკური რეკლამის“ ცნება. ამასთან, კომისიას არც იმაზე უმსჯელია, თუ რატომ არ წარმოადგენდა ვიდეორგოლი მაუწყებლის მიერ სარედაქციო თავისუფლების ფარგლებში გავრცელებულ „სოციალურ რეკლამას“, რაც, თავისმხრივ, გამორიცხავდა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევას.

 

„სასამართლო მეგობრის“ მოსაზრების ფარგლებში GDI სთავაზობს თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ გზებს, თუ რა ფორმით უნდა განიმარტოს საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ კი „პოლიტიკური რეკლამის“ ცნება, რომელიც რამდენიმე კუმულატიური წინაპირობისგან/კრიტერიუმისგან შედგება. ვიდეორგოლების პოლიტიკურ რეკლამად დაკვალიფიცირების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს სწორედ ამ წინაპირობებზე და განმარტოს რამდენად აკმაყოფილებს ამ წინაპირობებს სადავო ვიდეორგოლები. ამის დასადგენად კი სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდეორგოლების მთავარ მიზანს და იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიდეორგოლში მონაწილეობს არა როგორც რომელიმე საარჩევნო სუბიექტთან აფილირებული პირი, არამედ როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.  ამასთან, ვფიქრობთ, სასამართლომ პარალელურ რეჟიმში უნდა შეაფასოს ისიც, ხომ არ ექცევა სადავო ვიდეორგოლები არა პოლიტიკურ, არამედ სოციალური რეკლამის კატეგორიაში.

 

GDI მედიის თავისუფლების საკითხებზე საქმიანობას, მათ შორის განხილული საქმის მონიტორინგს ახორციელებს ევროპული დემოკრატიის ფონდთან (EED) პარტნიორობითა და მხარდაჭერით პროექტის „„მედიის თავისუფლების დაცვა კანონმდებლობაში, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლო პრაქტიკაში რეგულაციების გაუმჯობესების გზით“  ფარგლებში.

 

„სასამართლო მეგობრის“ მოსაზრების სრული ვერსია.