საქართველოს სასამართლო სისტემა 2023

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) მოამზადა ანგარიში 2023 წლის განმავლობაში ქართული მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ანგარიში მოიცავს ვენეციის კომისიისა და ევროპული კომისიის დასკვნებს სასამართლო რეფორმის შესახებ, ასევე მოსამართლეთა სანქცირებას, მართლმსაჯულების სისტემაში საკვანძო პოზიციებზე საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეების დაბრუნებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასა და მის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

2023 წელს, საქართველოს  ევროინტეგრაციის ფონზე პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს ეფექტური მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარება. სამწუხაროდ, ევროპული კომისიის შეფასებით ამ მიმართულებით საქართველოს შეზღუდული პროგრესი აქვს. ამასთანავე, აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცია დაადო სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს. აღნიშნული საკითხის გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურა სამჯერ ჩავარდა.

ნაცნობი სახეები დაბრუნდნენ დამოუკიდებელი ინსპექტორის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს წევრთა პოზიციებზე. მრავალწლიანი პაუზის შემდგომ, მნიშვნელოვანი დაძაბულობის ფონზე, დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 ახალი არამოსამართლე წევრი. მიუხედავად ახალი წევრების დანიშვნისა საბჭოში კვლავ არ ისმის განსხვავებული აზრი.

2023 წელს სასამართლო სისტემას შეემატა 1 ახალი მოსამართლე, ხოლო 33 უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე გადაინიშნა. 8 მოსამართლე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მათ შორის  ნინო გიორგაძე, რომელსაც გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდგომ უვადოდ განწესებაზე უარი ეთქვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ აგრძელებს სხდომათა გადადების მავნე პრაქტიკას. 2023 წელს გამოცხადებული 71 სხდომიდან ჩატარდა მხოლოდ 33. აქედან 20- არ ესწრებოდა საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე. ამასთანავე, საბჭოს მიერ უკვე 6 თვეა არ ქვეყნდება სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ანგარიშის სრულ ვერსიაში.