საქართველოს კომუნიკაციების კომისია და მედია გარემო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე

GDI-მ მოამზადა საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებების ანალიზი. დოკუმენტში შეფასებულია კომისიის მიერ არაწინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლების მიერ პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით განხილულ საქმეები 2024 წლის 20 ივნისიდან 06 სექტემბრამდე, ასევე კომისიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხილული საქმეები მაუწყებლების მიერ ეთერში განთავსებული თუ არ განთავსებული პოლიტიკური შინაარსის ვიდეო-რგოლებთან და კანონმდებლობის სხვადასხვა ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით 2024 წლის 06 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. 

კომუნიკაციების კომისიის მიერ არჩევნების წინა პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების ტენდენცია აჩენს საფუძვლიან განცდას, რომ კომისია ხელისუფლების მიერ შესაძლოა გამოიყენებოდეს მედიისა და პოლიტიკური სიტყვის წინასაარჩევნო ცენზორად. კომისიის ფართო და რიგ შემთხვევაში ბუნდოვანი პრაქტიკა მნიშვნელოვნად აზიანებს, როგორც მედიის, ასევე პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებას, ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობას. 

საანგარიშო პერიოდის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის მიერ განხილულ საქმეებში გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლებს სთავაზობს წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის ზედმეტად ფართო განმარტებას და შედეგად ქმნის ცენზურის საფრთხეს მედიისთვის;

  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლებისათვის ბუნდოვნად დატოვა თუ, კონკრეტულად რას გულისხმობს საზოგადოებრივი აზრის კვლევის კანონმდებლობასთან შესაბამისობის გადამოწმება;

  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გამოირჩევა მმართელი პარტიის საჩივრების დაკმაყოფილების მაღალი მაჩვენებლით; 

  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და მაუწყებლებისათვის გაუგებარს ტოვებს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს კომისიისათვის სამართალდარღვევად; 

  • კომუნიკაციების კომისიის, ასევე საერთო სასამართლოების მიერ შექმნილი ბუნდოვანი პრაქტიკა თუ რა შემთხვევაში უნდა განათავსოს/არ განათავსოს მაუწყებელმა პოლიტიკური რეკლამა ეთერში მაუწყებლებს აყენებს მსუსხავი ეფექტის წინაშე და არღვევს სამართლებრივი განჭვრეტადობის პრინციპს, რადგან მათთვის წინასწარ განსაზღვრული არ არის როგორი იქნება კომისიის ან სასამართლოს პრაქტიკა კონკრეტული პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების/არ განთავსების შემთხვევაში, რასაც შედეგად მათი დაჯარიმება მოჰყვება.

  • კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და საერთო სასამართლოებმა მედიებს დააკისრეს ვალდებულება, ისეთ კრიტიკულ დროს, როგორიც წინასაარჩევნო პერიოდია, აქტიურად ადევნონ თვალი სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში გაკეთებულ ყველა განცხადებას რომელიმე პარტიის რომელიმე კოალიციასთან სავარაუდო გაერთიანების და რომელიმე კოალიციიდან სავარაუდო გამოსვლის შესახებ. შედეგად, მედიას ეკისრება ვალდებულება რეკლამის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის უგულებელყოფითაც კი;

  • კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამართალდარღვევის ოქმები მაუწყებლებს შეუდგინა იმის მიუხედავად, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არსებული წინარე პრაქტიკა და კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლეოდა;

  • როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოები ხშირ შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების შესწავლისას იღებდნენ დაუსაბუთებელ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებს; 

  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საერთო სასამართლოების მიერ მაუწყებლებისათვის დაკისრებული ჯარიმები კიდევ უფრო ამძიმებს მედიების ფინანსურ მდგომარეობას. 

 

მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის, ხშირ შემთხვევაში მმართველი პარტიის პოლიტიკურ დღისწესრიგთან დაახლოებული პრაქტიკა კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებული ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიც არის რუსული კანონის ამოქმედება, ჟურნალისტებზე ფიზიკური/სიტყვიერი თავდასხმები, SLAPP სარჩელების მზარდი ტენდენცია, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დისკრედიტაციული განცხადებები და სხვა. 

კვლევის სრული ვერსია