სიახლეები

24
თებერვალი2022

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უკანონოდ გათავისუფლებულ ნოტარიუსს უფლებამოსილება გაუგრძელა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტსა და 19 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლთაც სამინისტროს დაევალა უკანონოდ გათავისუფლებულ ნოტარიუსთან მიმართებით საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევის შედეგად ახალი ბრძანების მიღება.  მედეა გვაზავას ინტერესებს სასამართლოში GDI იცავდა.

საქმე ეხება ნოტარიუსს, მედეა გვაზავას გათავისუფლებას 2020 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით  იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ. მედეა გვაზავას ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი იყო “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს თანამდებობაზე ყოფნის უფლება აქვს 65 წლის ასაკამდე. თუმცა კანონი  გამონაკლისის სახით ადგენს, რომ იუსტიციის მინისტრს შეუძლია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. ამის საპირისპიროდ, მედეა გვაზავას არ დასცალდა ესარგებლა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ბევრად ადრე მიიღო, ვიდრე მედეა გვაზავას შეუსრულდებოდა 65 წელი.

მედეა გვაზავამ განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, რომელსაც სთხოვა მისთვის რეკომენდაცია გაეწია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე. პასუხად, ნოტარიუსთა პალატამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ უკვე გამოცემული იყო ბრძანება ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რის გამოც პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას მიემართა იუსტიციის მინისტრისთვის ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე.

სასამართლოში მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანება და ნოტარიუსთა პალატის უარი გამოიცა საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. კერძოდ, იუსტიციის მინისტრმა ისე მიიღო გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომ არ შეისწავლა მედეა გვაზავას შრომითი უნარები და სხვა ფაქტორები, რითაც ნოტარიუსს უკანონოდ მიაყენა ზიანი და დატოვა ის სამუშაოსა და შემოსავლის გარეშე. უსაფუძვლო იყო ასევე ნოტარიუსთა პალატის უარი მედეა გვაზავას საკითხის შესწავლის შესახებ, ვინაიდან პალატას, როგორც ნოტარიუსის ინტერესების გამტარებელ ორგანოს ჰქონდა არამხოლოდ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულებაც, დაეცვა მედეა გვაზავას უფლებები და მიემართა სამინისტროსთვის რეკომენდაციით. შესაბამისად, სასამართლოში მოსარჩელე ითხოვდა ორივე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობას და იუსტიციის მინისტრის მიერ ახალი აქტის გამოცემას. შედეგად, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია პირველ ორ მოთხოვნასთან დაკავშირებით და ბათილად ცნო გამოცემული ინდივიდუალური აქტები.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო უზენაესს სასამართლოში, თუმცა მხარეთა შეთანხმების შედეგად, მათ შეწყვიტეს დავა სასამართლოში, უარი თქვეს მის საკასაციო წესით განხილვაზე, სამინისტრომ კი საბოლოოდ გამოსცა ბრძანება მედეა გვაზავასთვის უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც ადგენს ნოტარიუსის თანამდებობაზე მუშაობის ზღვრულ ასაკს პარალელურად გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.