შენიშვნები და რეკომენდაციები სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით

2014 წლის 30 ივნისს საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი. აღნიშნული დოკუმენტი ზოგადად მიმართულია სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისაკენ და ემსახურება საქართველოს მთავრობის 2014-2015 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას.

 

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტი შესაძლოა დადებითად შეფასდეს, წარმოდგენილი ცვლილებების ნაწილი სრულყოფასა და დახვეწას საჭიროებს, ხოლო ზოგიერთი საკითხი, რომლის გადახედვაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მასში ასახული საერთოდ არაა.

 

წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ მომზადდა შენიშვნები და რეკომენდაციები[1], რომელიც სისხლის სამართლის რეფორმის სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ ალექსანდრე ბარამიძეს გაეგზავნა.

 

აღნიშნულ დოკუმენტში ასახული შენიშვნები და რეკომენდაციები შეეხება სისხლის სამართალში კანონის უკუძალის, დამნაშავის შეპყრობის, დანაშაულის მაკვალიფიცირებლად დისკრიმინაციის საფუძვლების შემოტანის, ასევე „სიძულვილის ენის“ დასჯადობის დაუშვებლობის საკითხებს და გამოვთქვამთ იმედს, რომ ისინი გათვალისწინებული იქნება კანონის ინიცირების ეტაპზე.

 

[1]შენიშვნები და რეკომენდაციები მომზადებულია პროექტ „ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისათვის“ ფარგლებში, რომელსაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“  „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით ახორციელებს.