საქართველოს ანტი-SLAPP პლატფორმამ ევროპის საბჭოს მოსაზრებები გაუზიარა

საქართველოს ანტი-SLAPP პლატფორმამ ევროპის საბჭოს SLAPP-ის წინააღმდეგ შემუშავებული რეკომენდაციების პაკეტის პროექტზე თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარა. 

ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის1 მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პაკეტი SLAPP ფენომენის წინააღმდეგ წევრი სახელმწიფოების მიერ მისაღებ ზომებს ეხება და მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის დაცვას SLAPP სარჩელებისგან. 

SLAPP (სტრატეგიული სარჩელები სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) ფართოდ არის აღიარებული, როგორც  გამოხატვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის შეზღუდვის ერთ-ერთი მექანიზმი და გულისხმობს პოლიტიკურად ან ეკონომიკურად გავლენიანი პირების მიერ დაუსაბუთებელი სარჩელების შეტანას საზოგადოების აქტიური წევრების (ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების) წინააღმდეგ. SLAPP-ით გამოწვეული საფრთხეებს „მსუსხავი ეფექტი“ აქვს ყველაზე, ვინც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ცდილობს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე. 

იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლიდან SLAPP-ის მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა საქართველოშიც, საქართველოს ანტი-SLAPP პლატფორმამ ევროპის საბჭოს შესთავაზა რეკომენდაციების შემუშავებისას გაითვალისწინოს საქართველოში არსებული მდგომარეობა და ის მიდგომები, რომლებიც შეინიშნება მსგავსი საქმეების სასამართლოში განხილვისას. 

ევროპის საბჭოსთვის გაზიარებულ რეკომენდაციებში ანტი-SLAPP პლატფორმა ხაზს უსვამს საქართველოში გავლენიანი პირების მიერ ინიცირებული საქმეების სხვადასხვა მახასიათებელს, რომელიც SLAPP საქმეების ამოცნობაში გვეხმარება. კერძოდ, საუბარია ისეთ მაგალითებზე, სადაც მოსარჩელე აღიარებს, რომ სარჩელის მიზანი საჯარო ინტერესებისთვის მომუშავე ინდივიდის ან ორგანიზაციის დასჯაა; ან როდესაც მოსარჩელე არ მიმართავს სხვა ალტერნატიულ მექანიზმებს და სამოქალაქო ჩართულობისთვის ყველაზე დამაზიანებელ გზას, სასამართლოში სარჩელის შეტანას ირჩევს, რაც საქართველოში მართლმსაჯულების კუთხით არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, მოპასუხის მდგომარეობას კიდევ მეტად ამძიმებს. ანტი-SLAPP პლატფორმა მიმართავს ევროპის საბჭოს, რომ მსგავსი მაგალითები მხედველობაში მიიღოს, როგორც SLAPP საქმეებისთვის დამახასიათებელი ინდიკატორები. 

ამასთან, ანტი-SLAPP პლატფორმამ ევროპის საბჭოს განუმარტა მართლმსაჯულების კუთხით საქართველოში არსებული სისტემური პრობლემები, რაც საქართველოს კონტექსტს კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ევროპის საბჭომ შეიმუშავოს ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც წევრი სახელმწიფოების სასამართლოებს უბიძგებს გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტებით. 

მიგვაჩნია, რომ საქართველოში SLAPP საქმეების კონტექსტის უკეთ შესწავლა ევროპის საბჭოს დაეხმარება ისეთი რეკომენდაციების შემუშავებაში, რომელიც წევრ სახელმწიფოებს SLAPP ფენომენთან უკეთ გამკლავებაში და საუკეთესო ანტი-SLAPP სტანდარტების შემუშავებაში დაეხმარება. 

საქართველოს ანტი-SLAPP პლატფორმა დაარსდა 2023 წლის 29 ივნისს და ამჟამად აერთიანებს 7 არასამთავრობო ორგანიზაციას. ანტი-SLAPP პლატფორმის მიზანია საერთო ძალისხმევით დავამკვიდროთ საუკეთესო ანტი-SLAPP სტანდარტები, დავიცვათ და გავაძლიეროთ მედია, უფლებადამცველები და სხვა სუბიექტები SLAPP საქმეებიდან მომდინარე საფრთხისგან, რომელიც მათ გაჩუმებას ისახავს მიზნად.

_____________________________________________
1 2021 წლის ნოემბერში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დაარსდა SLAPP საქმეების ექსპერტთა კომიტეტი, რომლის მოვალეობა 2023 წლამდე SLAPP-ებთან დაკავშირებული რეკომენდაციის მომზადებაა. SLAPP-ების წინააღმდეგ სამართლებრივი და სხვა მექანიზმების შემუშავების საჭიროებაზე აქტიური მუშაობის აუცილებლობა ევროპაში SLAPP საქმეების მზარდმა რაოდენობამ გამოიწვია.

 

მოსაზრების სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. 

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ადამიანის უფლებათა სახლი თბილისი

უფლებები საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი