GDI ეხმიანება 2023 წლის 31 ივლისს, ბათუმის პორტში რუსული კრუიზის მეორედ შემოსვლას და მისი შემოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.
აქციის გაცხადებული მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით, GDI მიიჩნევს, რომ ეს არის სრულად ლეგიტიმური და სამართლიანი პროტესტი. პროტესტი არის პასუხი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებების პოლიტიკისა და ინტერესების მიზანმიმართული თანხვედრით საქართველოსთვის გამოწვეულ საფრთხეებზე. აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ კოლოსალური საპოლიციო ძალის მობილიზება, მათი დაკავება და საპოლიციო რეპრესიები, კი იქ შეკრებილი ადამიანების ღირსეული პროტესტის დათრგუნვასა და ჩახშობას ისახავს მიზნად.
აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემი „Astoria Grande“ ბათუმის პორტში, მეორედ, 31 ივლისს, დილას, შევიდოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გემზე რუსეთის მოქალაქეები მათ შორის უკრაინაში ომისა და პუტინის მხარდამჭერები იმყოფებიან. აღნიშნულის გასაპროტესტებლად ბათუმის პორტში აქცია დაიგეგმა. დემონსტრანტები უკვე 30 ივლისს, გვიან ღამე შეიკრიბნენ პორტის მიმდებარედ, მაგრამ პოლიციამ აქციის დაწყებამდე გადაკეტა ქუჩები და შემოსაზღვრა ნავსადგურის ტერიტორია უსაფრთხოების არგუმენტზე მითითებით. ტერიტორიაზე შსს-მ დიდი რაოდენობით პოლიციელის მობილიზება გააკეთა. ამასთანავე, მედიის ინფორმაციით, გამოჩნდნენ რობოკოპები და სპეცრაზმიც. აქციის მსვლელობისას პოლიციამ ამ დრომდე უკვე აქციის 23 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით დააკავა.
აქციის მონაწილეები სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებით. პოლიციის ქმედებები უხეშად არღვევს აქციის მონაწილეთა უფლებებს. ამასთან, შეკრებისა ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა, ასევე განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, დანაშაულს წარმოადგენს.
GDI მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს რეპრესიები და აქციის მონაწილეთა უფლებების უხეში დარღვევა.