საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაგროვებითი საპენსიო სისტემის სავალდებულოობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არსებითად იმსჯელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებითი საპენსიო სქემაში დასაქმებულთა ჩართვისა და დამსაქმებელთა შენატანის სავალდებულოობის  არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია საპენსიო სქემაში დასაქმებულთა სავალდებულოდ ჩართვისა და მათ სასარგებლოდ დამსაქმებლის შენატანების დავალდებულების კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნა საკუთრების უფლებასთან მიმართებით.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო და შესაბამისად, თანასწორობის უფლებასთან მიმართებით კონსტიტუციურობის შემოწმების საფუძვლები ვერ დაინახა სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო სქემის მონაწილეთა სასარგებლოდ შენატანების განხორციელების მარეგულირებელ ნორმების ნაწილში.

 

სასამართლომ ასევე, არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. თუმცა, ჩანაწერს თან ერთვის მოსამართლე, ირინე იმერლიშვილის, განსხვავებული აზრი, რომელიც თვლის რომ სასამართლოს საპენსიო სქემაში დამსაქმებლის მიერ შენატანის განხორციელება გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეეჩერებინა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია სადავნო ნორმების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით

 

საყურადღებოა, რომ სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია სადავო ნორმათა მოქმედებით დამსაქმებლის საკუთრების უფლებისთვის გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალურ საფრთხესთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამსაქმებლებს შესაძლოა, არ ჰქონდეთ მათ მიერ გაღებული, დასაქმებულთა საკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნების პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი. რაც, ნორმთა შეჩერების საფუძველია, თუმცა სასამართლომ მისი გადაწყვეტილება საჯარო ინტერესების დაცვის მოტივით გაამართლა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს ემსახურება. ამიტომ, სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელთა მხრიდან საპენსიო ფონდში შენატანის განხორციელებიის შეჩერება და ფონდის შენატანების შემცირება, საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირებას და სქემის მონაწილე დამსაქმებლებს ერთობლივად ბევრად მასშტაბურ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მისი მოქმედების შემთხვევაში მიადგება მოსარჩელის ინტერესებს.

 

მოსამართლე, ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი

 

მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი, არ დაეთანხმება კოლეგიის შემადგენლობას და მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამსაქმებლების შემთხვევაში  სადავო ნორმების მოქმედება უნდა შეეჩერებინა.

 

მოსამართლის მოსაზრებით, დამსაქმებელთა ვალდებულების დამდგენი ნორმის შეჩერების შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირებას არსებითი საფრთხე არ შეექმნებოდა, რადგან საპენსიო სააგენტოს ფინანსები პირველი 3 წლის განმავლობაში, დამოკიდებულია არა შენატანებზე, არამედ 100%-ით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

ამასთნავე, ირინე იმერლიშვილი, მიიჩნევს, რომ დამსაქმებელთა საკუთრების უფლების მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის თავიდან აცილების ინტერესს ვერ გადაწონის დასაქმებულებისა და საპენსიო სქემის ფუნქციონირების ინტერესების დაცვის საჭიროება და არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის მოქმედების შეჩერების ყველა წინაპირობა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ედუარდ მარიკაშვილის და GDI-ს (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, არსებითად განსახილველად 2019 წლის 24 ოქტომბერს №2/13/1384 საოქმო ჩანაწერით მიიღო.

 

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვარს მივმართეთ. სადავო ნორმები ადგენს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულოდ ჩართვის წესს, რაც თავის მხრივ დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო სქემაში კონტრიბუციის განხორციელებას ავალდებულებს. მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებას.  ასევე, კონსტიტუციურ სარჩელში თანასწორობის უფლებასთან წინააღმდეგობის არგუმენტით სადავოდ იყო გამხდარი საპენსიო სქემაში დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფოს მონაწილეობის საკითხი.

 

სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლო უკვე არსებით სხდომაზე იმსჯელებს.