სამოქალაქო პლატფორმამ „არა ფობიას!“, USAID პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” მხარდაჭერით და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, 2024 წლის 22 მარტს, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის (UPR) შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიში ეხება საქართველოს მიერ UPR-ის მესამე ციკლის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.
ანგარიში ფარავს 2021 წლიდან 2024 წლამდე პერიოდს და მასში განხილულია თანასწორობის უფლებასათან დაკავშირებული 125 რეკომენდაცია. პლატფორმის შეფასებით მათგან 61 შესრულდა ნაწილობრივ, ხოლო 64 ჯერ არ შესრულებულა.
დოკუმენტში თემატურადაა განხილული სხვადასხვა ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობა. მათ შორის, შშმ პირების, ქალების, ბავშვების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების, ლგბტქ ადამიანების, აქტივისტებისა და უფლებადამცველების უფლებები. ანგარიში ასევე შეეხება პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების გამო დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას, ჟურნალისტების უფლებებსა და მედიის თავისუფლებას.
შშმ პირების, ქალებისა და ბავშვების უფლებების კუთხით, აღსანიშნავია, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, მაინც პრობლემად რჩება შშმ პირების ჯანდაცვის უფლებაზე, კერძოდ სექსუალურ და რეპროდუქციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, გამოწვევად რჩება ძალადობისა და ტრეფიკინგისგან ბავშვების დაცვა, სკოლებში სექსუალური შევიწროების პრევენციული მექანიზმების არ არსებობა. ამასთანავე, გამოიკვეთა პრობლემა, რომელიც გენდერულ დისკრიმინაციასა და ქალებისადმი სიძულვილის ენის გამოყენებას მიემართება.
რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არც ერთი სისტემური პრობლემა არ აღმოფხვრილა. არსებობს არაერთი ინიციატივა, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე, რომელიც შეიცავს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სტანდარტების შემდგომი გაუარესების რისკებს. აღნიშნული კარგად ჩანს, რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით გაცემული რეკომენდაციების შეფასების თავში, კერძოდ, 15 განხილული რეკომენდაციიდან არც ერთი არ არის შესრულებული. მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია ეთნიკური უმცირესობების უფლებებთან მიმართებით, იდგმება გარკვეული ნაბიჯები, თუმცა ის ვერ პასუხობს პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს. კერძოდ, კვლავ არსებობს გამოწვევები, რაც დაკავშირებულია განათლების უფლების ხელმისაწვდომობასთან და მათ ჩართულობასთან პოლიტიკურ, სამოქალაქო და კულტურულ ცხოვრებაში.
ანგარიშში გამოკვეთილია ლგბტქ ადამიანების, აქტივისტებისა და უფლებადამცველების უფლებრივი მდგომარეობაც. მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მათ მიმართ სიძულვილის ენის გაღვივება, მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები. გარდა ამისა, პრობლემად რჩება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაკავების პროცესში მთავარ იარაღად გამოიყენება.
რაც შეეხება პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების გამო დისკრიმინაციას, წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ გამოწვევად რჩება ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით.
სიძულვილის ენასთან, ჟურნალისტების უფლებებსა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, პრობლემურია ძალადობრივი/პრორუსული ჯგუფების ქმედებები, რაც ვლინდება ძალადობაში, მათ შორის ვანდალიზმსა და ჟურნალისტებზე თავდასხმაში. ჟურნალისტებთან მიმართებით კვლავ პრობლემად რჩება SLAPP (სტრატეგიული სარჩელები სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) დავების ტენდენცია, ასევე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე თავდასხმები და მედიის თავისუფლებაში ჩარევა ახალი რეგულაციებით.
თითოეულ ზემოხსენებულ ჯგუფთან მიმართებით არსებული პრობლემები მიუთითებს, რომ ქვეყანაში არსებობს სერიოზული გამოწვევები თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით. „არა ფობიას!“ პლატფორმის წევრები იმედოვნებენ, რომ წარდგენილი ინფორმაცია და შეფასებები მიმოხილვის წევრ სახელმწიფოებს ვითარების უკეთესად აღქმასა და შემდგომი რეკომენდაციების გაცემაში დაეხმარება.
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის შუალედური ანგარიშის შედეგები განიხილება ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სხდომაზე, რომელიც 25 მარტს გაიმართა.