2023 წლის ივლისის თვეში საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია 6-ჯერ გამოაქვეყნა, თუმცა ხუთჯერ ჩატარდა.
04.07.2023
სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 3 ივლისს, სამუშაო საათების შემდეგ;
სხდომა დროულად დაიწყო;
სხდომას არ ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე;
ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთხმად;
სხდომაზე გასაუბრება გაიარეს საქალაქო/სააპელაციო სასამართლოში კონკურსის გარეშე დანიშვნის პროცედურის მონაწილე მოსამართლეებმა;
სხდომა თითქმის 3 საათი გაგრძელდა;
სხდომაზე განხილული იქნა შემდგომი საკითხები:
სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი - ყავის აპარატის შესყიდვასთან დაკავშირებით;
ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთინო ლუაშვილს შეუწყდა უფლებამოსილება კანონით დადგენილი ასაკის მიღწევის საფუძველზე;
მოსამართლე გ. გელაშვილის განცხადება - განცხადება შეეხებოდა საცხოვრებელი ბინის ქირავნობის მიზნით თანხის გამოყოფას;
ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ - მოიხსნა;
ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების / კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ - მოიხსნა;
დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატების დაშვების შესახებ - გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 9 კანდიდატი:
ნინო დოკაძე;
ნინო ელიკაშვილი;
ზაზა თაქთაქიშვილი;
ანა მურაჩაშვილ ონიანი;
ლევან ნემსაძე;
ბექა ფაცაცია;
შოთა ქადაგიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი (2017-2021);
ზაზა ხარებავა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი (2017-2021);
მეგი ჯღარკავა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები:
სხდომაზე გასაუბრება გაიარეს საქალაქო/სააპელაციო სასამართლოში კონკურსის გარეშე დანიშვნის პროცედურის მონაწილე მოსამართლეებმა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე - თათია გოგოლაური. განაცხადი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში - გიორგი ლობჟანიძე. განაცხადი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ფოთის საქალაქო სასამართლოში;
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე - არსენ კალატოზიშვილი. განაცხადი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში და სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი. განაცხადი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში და სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. იგი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის გიორგი მიქაუტაძის მეუღლე;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხულოს მუნიციპალიტეტში - ნუგზარ მგელაძე. განაცხადი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საქმეთა კოლეგიის მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა. განაცხადი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატაში;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი. განაცხადი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში და სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე - ნანა ჯოხაძე. განაცხადი შეიტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე / თავმჯდომარე - გიორგი ბუხრაშვილი. განაცხადი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ნინო გერგაული. განაცხადი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე - ანა ჩოგოვაძე. განაცხადი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი. განაცხადი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე - ნინო ონიანი. განაცხადი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
საბჭოს წევრებმა (ძირითადად ნიკოლოზ მარსაგიშვილმა და პაატა სილაგაძემ) კანდიდატებს დაუსვეს შემდეგი კითხვები (მცირედი ვარიაციით):
მოტივაცია - რატომ უნდა მოსამართლეს აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნა?
გამოცდილება - როდის დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე? რომელი სამართლის საქმეებს განიხილავს?
დატვირთვა - მიმდინარე საქმეთა ოდენობა? საქმეთა კატეგორია? ვადების დაცვის მხრივ რა მდგომარეობაა?
საბჭოს მიერ მოსამართლის კონკურსის გარეშე სასურველ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, იმ სასამართლოს კოლეგიაში / პალატაში სადაც კანდიდატი მოსამართლე ამჟამად ახორციელებს უფლებამოსილებას არის თუ არა სხვა მოსამართლე და რამდენად დაიტვირთება იგი?
გასაუბრება საბჭოში ქაოსურად მიმდინარეობდა. მოსამართლეებს გასაუბრების გავლა სასამართლო პროცესების პარალელურად მოუწიათ (რამდენიმე მოსამართლემ გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად პროცესზე შესვენება გამოაცხადა). ერთ-ერთმა მოსამართლემ განმარტა, რომ მას გასაუბრების შესახებ ინფორმაცია დროის მოკლე პერიოდში მიაწოდეს. საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლეებს ტელეფონით უთანხმებდნენ გასაუბრებაზე ჩართვის დროს. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი გასაუბრება 5 წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა, გასაუბრების პროცესი 2 საათი გაგრძელდა რაც გამოწვეული იყო ტექნიკური გაუმართაობითა და არაორგანიზებულობით. ამასთანავე, საბჭოს წევრები აქტიურად არ იყვნენ გასაუბრების პროცესში ჩართული. ბევრი მათგანი საერთოდ არ უსმენდა კანდიდატებს და პირადი საუბრებით იყო გართული. საბჭოს წევრთა მიერ საუბრით არაერთხელ გადაიფარა კანდიდატთა ხმა, რითაც მნიშვნელოვნად გართულდა მონიტორინგის პროცესი. შესაბამისად რთული წარმოსადგენია, რომ აღნიშნულმა ფაქტებმა ხელი არ შეუშალა საბჭოს სხვა წევრებს კანდიდატთა შეფასების პროცესში. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საბჭოს წევრი გარკვეული პერიოდულობით საერთოდ ტოვებდა სხდომათა დარბაზს ტელეფონზე სასაუბროდ, სიგარეტის მოსაწევად და სხვა მიზნებით. შესაბამისად, საბჭოს რამდენიმე წევრმა ყველა კანდიდატის გასაუბრებას არ მოუსმინა რაც ასევე პრობლემას წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საორგანიზაციო საკითხები - მოიხსნა.
10.07.2023
სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 9 ივლისს, სამუშაო საათების შემდეგ;
სხდომა დაინიშნა 10 ივლისს 5 საათზე;
10 ივლისს საღამოს 8 საათზე სამივე დამკვირვებელი ორგანიზაციის (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სასამართლოს გუშაგი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) წარმომადგენლებმა დატოვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობა. საღამოს 9 საათზე საბჭომ სხდომა ჩაატარა;
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის;
სხდომის აუდიო ჩანაწერი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის;
უცნობია საბჭოს წევრთაგან ვინ დაესწრო სხდომას.
სხდომაზე უნდა განეხილათ შემდეგი საკითხები:
სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი;
ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების / კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
საორგანიზაციო საკითხები.
12.07.2023
სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 11 ივლისს, სამუშაო საათების შემდეგ;
სხდომა დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით;
სხდომას არ ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე და წევრები ლევან მურუსიძე, თამარ ღვამიჩავა, ლევან მიქაბერიძე;
ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთხმად;
სხდომა თითქმის 9 წუთი გაგრძელდა;
სხდომაზე განხილული იქნა შემდგომი საკითხები:
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის წერილი - წერილი შეეხებოდა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თხოვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაეცა რეკომენდაცია ბავშვის ოჯახიდან განცალკევების შემთხვევაში სოციალური მუშაკის მონაწილეობის შესახებ შუამდგომლობათა დასაშვებად ცნობის შესახებ.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) 2023 წლის 17 სექტემბერს, მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) 2023 წლის 24 სექტემბერს გაიმართება. გამოცდაზე დაშვების მიზნით რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 24 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები - მოიხსნა;
ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ - მოიხსნა;
ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ - მოიხსნა;
საორგანიზაციო საკითხები - მოიხსნა.
13 ივლისს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI), საქართველოს სასამართლოს გუშაგმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებით.
21.07.2023
სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 20 ივლისს, სამუშაო საათების შემდეგ;
სხდომა დაიწყო საათისა და 20 წუთის დაგვიანებით;
საბჭოს სხდომა სრული შემადგენლობით ჩატარდა;
ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთხმად;
სხდომა თითქმის 12 წუთი გაგრძელდა;
სხდომაზე განხილული იქნა შემდგომი საკითხები:
იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული საკითხი - 2024 წლის ბოლოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა გაიზრდება 110-მდე, აღნიშნულის საფუძველზე საბჭომ სკოლის მსმენელთა რაოდენობა 2024 წლისთვის 132 ერთეულად განსაზღვრა;
ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ - მოიხსნა;
განკარგულების პროექტი - „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის 1/3 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - ცვლილებები შეეხებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოთა აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს გათანაბრებას თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოსთან. ასევე, ცვლილებების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატში 1 საშტატო ერთეულის დამატებას - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მიმართულებით, რომელიც ტექნიკურ დახმარებას გაუწევს მოსამართლეებს აღნიშნულ საქმეებში.
საორგანიზაციო საკითხები - მოიხსნა;
26.07.2023
სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 25 ივლისს, სამუშაო საათების შემდეგ;
სხდომა დაინიშნა 26 ივლისს 5 საათზე;
26 ივლისს დაახლოებით 4 საათზე სხდომა გადაიდო;
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საკითხები:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის წერილი;
ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
საორგანიზაციო საკითხები.
27.07.2023
სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 26 ივლისს, სამუშაო საათების შემდეგ;
სხდომა დაიწყო საათისა და 10 წუთის დაგვიანებით;
სხდომას არ ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე და წევრი თემურ გოგოხია;
ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთხმად;
სხდომა თითქმის 15 წუთი გაგრძელდა;
სხდომაზე განხილული იქნა შემდგომი საკითხები:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის წერილი - საბჭოს წევრები ვერ შეთანხმდნენ მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტის პოზიციაზე წარსადგენ კანდიდატზე, შესაბამისად საკითხის განხილვა გადადეს;
ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ - მოიხსნა;
საორგანიზაციო საკითხები:
2023 წლის ივლისის თვეში საერთო სასამართლოების მოსამართლეებისთვის თანამდებობრივი სარგოს 70%-იანი დანამატი განისაზღვრა;
დამოუკიდებელი ინსპექტორის პოზიციაზე დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი - შოთა ქადაგიძე (9 კანდიდატიდან გასაუბრება გაიარა მხოლოდ 5-მა პირმა: ანა მურაჩაშვილ ონიანმა, ლევან ნემსაძემ, ბექა ფაცაციამ, შოთა ქადაგიძემ და ზაზა ხარებავამ). მის კანდიდატურას საბჭოს თერთმეტივე წევრმა დაუჭირა მხარი.
სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხი - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ორ მოადგილესთან ერთად განესაზღვრა კიდევ ერთი მოადგილის საშტატო ერთეული.