სიახლეები

03
მარტი2021

სააპელაციო სასამართლომ მესაზღვრის უკანონო როტაცის ბათილად ცნობის შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის ძმის, მანუჩარ მუმლაძის სამსახურებრივი როტაციის თაობაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მანუჩარ მუმლაძის ინტერესებს სასამართლოში GDI წარმოადგენს და იცავს.

მესაზღვრე, მანუჩარ მუმლაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსის, 2019 წლის 01 აგვისტოს ბრძანებით, როტაციის ფორმალური საფუძვლით, მის ძირითად საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს 500 კილომეტრით დააშორეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით განხორციელდა მ. მუმლაძის არა მხოლოდ ტერიტორიული, არამედ თანამდებობრივი როტაციაც. მანუჩარ მუმლაძე მიიჩნევს, რომ მისი სამსახურებრივი როტაცია, მისი ძმის, გიორგი მუმლაძის სამოქალაქო აქტიურობას უკავშირდებოდა და უკანონო და ლოგიკურ დასაბუთებას მოკლებული, გადაწყვეტილება მის მიმართ სადამსჯელო ღონისძიების ხასიათს ატარებდა. გადაწყვეტილების მიღებამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მანუჩარ მუმლაძის როტაციის შესახებ ბრძანების, როგორც აშკარად უკანონოს, მოქმედება შეაჩერა და მოსარჩელე როტაციამდელ სამუშაო ადგილზე დააბრუნა. ხოლო, სახალხო დამცველმა სასაზღვრო პოლიციის უფროსს მანუჩარ მუმლაძის როტაციამდელ პოზიციაზე აღდგენის რეკომენდაციით მიმართა.