როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ სტატუსმეტრი 6.0 - საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბოლო შეფასება

ერთ თვეში, ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების პროგრესს შეაფასებს. მანამდე, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ღია საზოგადოების ფონდის ლიდერობით, მოამზადეს ბოლო შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებსა და არსებულ მდგომარეობას ასახავს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბოლო შეფასებით, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია). სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის ივნისში წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან.

რიგით მეექვსე სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს.

დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი.

ერთი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. მანამდე კი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია.

 

ანგარიშის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.