როგორ ემუქრება SLAPP დავები დემოკრატიას ევროპაში - CASE-ის ახალი ანგარიში

SLAPP-ების წინააღმდეგ მომუშავე ევროპულმა კოალიციამ (CASE) გამოაქვეყნა 2023 წლის ანგარიში, რომელიც ასახავს ევროპის ქვეყნებში სამართალწარმოების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას. 

ანგარიშის თანახმად, საქართველო დასახელებულია ერთ-ერთ იმ ქვეყნად, სადაც შეინიშნება სამოქალაქო ჩართულობის წინაღმდეგ სტრატეგიული სარჩელების (SLAPP) მზარდი რაოდენობა. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან CASE კოალიცია ამსტერდამის იურიდიულ კლინიკასთან ერთად თანამშრომლობით აგროვებს და აანალიზებს ევროპაში არსებულ SLAPP დავებს. 2022 წლის მარტში CASE-მა ევროპის 29 ქვეყანაში იდენტიფიცირებული 500-ზე მეტი SLAPP დავის ანალიზის შემდეგ გამოაქვეყნა კვლევა - პირველი ფართო და საფუძვლიანი ანგარიში, რომელშიც საუბარია ევროპაში სამართალწარმოების ბოროტად გამოყენების შემთხვევების მასშტაბებსა და გავლენაზე. 

იმის გათვალისწინებით, რომ CASE აგრძელებს SLAPP-ების მონიტორინგს, 2023 წლის ანგარიშში მიმოხილულია კოალიციის მიერ შეგროვებული უახლესი მონაცემები. განახლებული ანალიზი მოიცავს პირველი საანგარიშო პერიოდის შემდეგ სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენების 200-ზე მეტ შემთხვევას და უფრო ფართო რეგიონალურ კონტექსტს: ეს ანგარიში მიმოიხილავს 35 ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, მათ შორის, საქართველოსა და საბერძნეთში, სადაც შეინიშნება SLAPP-ად იდენტიფიცირებული სარჩელების შემაშფოთებელი რაოდენობა. 

კვლევის ძირითადი მიგნებები: 

  • ყოველწლიურად SLAPP-ები სულ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის ევროპაში - CASE-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით, SLAPP-ები 2022 წელს 570-დან 2023 წელს 820 შემთხვევამდე გაიზარდა. 

  • სარჩელების უმეტესობა ინიცირებულია ცილისწამების საფუძვლით ან სხვა მსგავსი ნორმებით, რომელიც დაკავშირებულია შეურაცხყოფასთან და ღირსების შელახვასთან. 

  • მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების საშუალო ოდენობა არის  15,150 ევრო. 

  • SLAPP-ების ყველაზე ხშირი სამიზნეები არიან ჟურნალისტები, მედია საშუალებები, რედაქტორები, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. 

  • სამართალწარმოების ბოროტად გამოყენება ხშირად ხდება ინდივიდების წინააღმდეგ, რაც გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერის ქსელის არსებობა. 

  • SLAPP სარჩელების ყველაზე ხშირი ინიციატორები არიან ძალაუფლების მქონე პირები, კერძოდ, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები. 

  • SLAPP სარჩელების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაფიქსირდა მალტაში, საფრანგეტში, ხორვატიაში, საბერძნეთში, გაერთიანებულ სამეფოში, თურქეთსა და საქართველოში. 

  • SLAPP-ების სამიზნე ძირითადად ისეთი ქმედებები ან პუბლიკაციებია, რომლებიც ეხება კორუფციასთან, მთავრობასთან, ბიზნესთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

ანგარიშში დამატებით აღნიშნულია, რომ მითითებული მონაცემები შეიძლება არ ასახავდეს სრულ რეალობას, მათ შორის იმიტომ რომ არსებობს არაიდენტიფიცირებული SLAPP შემთხვევებიც.  

კოალიცია მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს SLAPP-ების  აღიარება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად სიტყვისა  და ინფორმაციის თავისუფლებისთვის. 

GDI, რომელიც  ევროპულ კოალიციას 2022 წლის აგვისტოში შეუერთდა, აქტიურად მონაწილეობდა ანგარიშის მომზადების პროცესში და უზიარებდა ინფორმაციას საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.