2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება და 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის დღის წესრიგში არ დაყენების შესახებ ქართული ოცნების გადაწყვეტილება გამოაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა ეროვნული, მშვიდობიანი პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასიათასობით ადამიანის მთავარ მოთხოვნას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პროტესტის პარალელურად რეპრესიების ფარგლებში დაკავებული ადამიანების გათავისუფლება წარმოადგენს.
აღნიშნულს წინ უძღოდა 2024 წლის 26 ოქტომბრის უაღრესად პრობლემური საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგებიც არ აღიარა საქართველოს პრეზიდენტმა, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები შეაფასა OSCE/ODIHR-მაც, რომლის უპრეცედენტოდ კრიტიკულ დასკვნაში საუბარია მთელ რიგ პრობლემებზე, მათ შორის არჩევნების ფუნდამენტური პრინციპის, ფარულობის, მასშტაბურ დარღვევაზე. ყველაფერ ამას არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო ლეგიტიმაციის არ არსებობაც ემატება.
გარდა ამისა, 2024 წლის 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით სცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება, რითაც გაწყვიტა ხელისუფლების ლეგიტიმაციის დემოკრატიული ჯაჭვი და გავიდა კონსტიტუციური წესრიგიდან. საქართველოს პარლამენტის მიერ, 25 ნოემბერს, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა, ეწინააღმდეგებოდა პარლამენტის რეგლამენტს, რადგან პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტს არ ჰქონდა უფლებამოსილება შეკრებილიყო და ეცნო პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება.
ქართულმა ოცნებამ ხალხის ლეგიტიმურ პროტესტს მასშტაბური, ბრუტალური საპოლიციო ძალა და რეპრესიები დაუპირისპირა. პარლამენტის წინ გამართულ მშვიდობიან აქციებზე ხელისუფლებამ ამ დრომდე პროტესტის 500-მდე მონაწილე დააკავა. მათი უმრავლესობა დაკავების დროს ან/და დაკავების შემდეგ დაექვემდებარა წამებასა და ღირსების შემლახავ ან არაადამიანურ მოპყრობას.
პროტესტის დაწყებიდან მალევე, ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო რეპრესიული კანონების პაკეტი. მთელი რიგი ავტორიტარული შეზღუდვები დააწესა გამოხატვისა და შეკრების თვისუფლებაზე, შემოიღო პრევენციული დაკავების მექანიზმი და კატასტროფულად გაზარდა ჯარიმები მათ დარღვევაზე. დღემდე გრძელდება ასობით ადამიანის დევნა აქციაზე ყოფნის პოსტ-ფაქტუმ იდენტიფიცირებისა და დასჯის გზით. აქციაზე დგომას შსს გზის უკანონო გადაკეტვად აფასებს და რიგით ადამიანებს მინიმუმ 5000 ლარით აჯარიმებს.
საპროტესტო აქციებზე ხელისუფლებამ პროტესტის 50-მდე მონაწილე სისხლის სამართლის წესით დააკავა. დაკავებულებს პროკურატურა ედავება ისეთი დანაშაულების ჩადენას, როგორიცაა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება/მასში მონაწილეობა, ნივთის დაზიანება, პოლიციელზე თავდასხმა, ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა, ძალადობა და დევნა.
საქართველოს პროკურატურამ ზემოთ ხსენებული ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობები და ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. პატიმრობაში რჩებიან 2024 წლის აპრილ-მაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული აქტივისტებიც. წინასწარ პატიმრობაში რჩება მედიების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, მზია ამაღლობელიც. მზია არსებულ უსამართლობას აპროტესტებს და შიმშილობს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ დრომდე ქართული ოცნებისთვის დასავლური ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას არ მიულოცავს არჩევნებში გამარჯვება. რიგი ქვეყნების ხელისუფლებები ქართულ ოცნებას თვითაღიარებულ ხელისუფლებას უწოდებენ, რაც როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე ხელისუფლების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. უფრო მეტიც, დიდმა ბრიტანეთმა, ბალტიის ქვეყნებმა, გერმანიამ, ჩეხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სხვადასხვა საფუძვლით, მათ შორის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევებისა და საქართველოში რუსული ინტერესების გატარებისთვის როგორც ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, ასევე ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებს, მოსამართლეებსა და პარლამენტის წევრებს სანქციები დაუწესეს.
რეჟიმის მიერ დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება.
ფაქტია, ქართული ოცნება, საქართველოში ამყარებს რა ავტორიტარულ, საპოლიციო რეჟიმს, რეპრესიებს, მართლმსაჯულებას და დაკავებებს, პოლიტიკური მოტივითა და ნიშნით, პროტესტის მონაწილეთა დასჯისთვის იყენებს. ის ცდილობს რეპრესიებით მოგუდოს საპროტესტო ტალღა ქვეყანაში.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აქტიურად სწავლობს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებს, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ჭრილში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული 1900(2012) რეზოლუცია განსაზვრავს პოლიტიკური პატიმრის დეფინიციას და შესაბამის სამართლებრივ კრიტერიუმებს. –
„საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ პირი, რომელსაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება, მიიჩნევა „პოლიტიკურ პატიმრად“:
a. თუ პატიმრობა შეეფარდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის ოქმებში მითითებული ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიის, კერძოდ, რწმენის, აღმსარებლობისა და რელიგიის თავისუფლების, ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევით;
b. თუ პატიმრობა შეეფარდა წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო, რომელსაც არ აქვს კავშირი რაიმე სამართალდარღვევასთან;
c. თუ, პოლიტიკური მოტივების გამო, პატიმრობის ხანგრძლივობა ან პირობები აშკარად არაპროპორციულია იმ სამართალდარღვევასთან, რომლის ჩადენაშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი ან ეჭვმიტანილია;
d. თუ, პოლიტიკური მოტივების გამო, იგი დაპატიმრებულია დისკრიმინაციულად სხვა პირებთან შედარებით; ან
e. თუ პატიმრობა არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და ჩანს, რომ უკავშირდება სახელისუფლებო ორგანოების პოლიტიკურ მოტივებს.“
რეზოლუციის თანახმად პირი, რომელსაც აღუკვეთეს პირადი თავისუფლება, უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად თუ მის საქმეში კმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი წინაპირობა მაინც.