პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებული მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, რაშან ზიადალიევი, სასამართლომ სრულად გაამართლა

2020 წლის 11 თებერვალს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, პაატა ფხალაძემ, მარნეულელი აქტივისტი, რაშან ზიადალიევი სრულად გაამართლა წარდგენილ „ბრალდებაში“ და ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ რაშან ზიადალიევს პოლიციის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ჰქონია ადგილი.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, რომ პირის იდენტიფიკაციის მიზნით შეჩერება შესაძლოა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლით. სასამართლომ ასეთ საფუძვლად არ მიიჩნია რ. ზიადალიევის შეჩერება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ღამის საათებში მარტო გადაადგილდებოდა. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, პოლიციის მოთხოვნა, რაშან ზიადალიევს მათთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა, იყო უკანონო, რაც გამორიცხავდა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტს.

 

სასამართლომ ასევე ისმჯელა რ.ზიადალიევის მხრიდან პოლიციელთათვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებაზე. მოსამართლე პაატა ფხალაძის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა თავისი არსით უტოლდება სისხლისსამართლებრივ ბრალდებას და მასზე ვრცელდება სისხლის სამართლის საქმის პროცედურული სტანდარტები. შესაბამისად, მოსამართლემ რ.ზიადალიევის სამართალდამრღვევად ცნობისთვის ორი პოლიციელის ჩვენება არ მიიჩნია საკმარისად და ყოველგვარი ეჭვი რაშან ზიადალიევის უდანაშაულობის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

 

სამოქალაქო აქტივისტი, რაშან ზიადალიევი, 2020 წლის 08 თებერვალს, პოლიციამ ქალაქ მარნეულში ადმინისტრაციული წესით დააკავა. პოლიცია მას კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და პოლიციის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა. დაკავების და სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, რ. ზიადალიევი პოლიციამ ინდენტიფიკაციის მიზნით შეაჩერა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა. პოლიციის ვერსიით ამ მოთხოვნას რ.ზიადალიევი არ დაემორჩილა, გახდა აგრესიული და პოლიციელებს  შეურაცხყოფა მიაყენა.

 

რაშან ზიადალიევის განცხადებით, მას პოლიცია უთვალთვალებდა. დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ ავტომობილიდან მისთვის ფოტოს გადაღებას, რაც  გააპროტესტა. რ.ზიადალიევისთვის მიუღებელი იყო მისი უსაფუძვლო შეჩერება. ასევე, ის ფაქტი, რომ პოლიციელები  ჯიუტად ცდილობდნენ ფოტოს გადაღებას, მაშინ როდესაც ის მზად იყო იდენტიფიკაციის მიზნით პოლიციისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა. პოლიციელთა ქმედების აშკარა თვითნებური ხასიათი გახდა საფუძველი ვარაუდისა, რომ რაშან ზიადალიევის დაკავება უკავშირდება მის სამოქალაქო აქტივიზმს და ადგილობრივი ხელისუფლების ღია კრიტიკას. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ უფრო ფართო თვალსაზრისით. სხვაგვარ გადაწყვეტილებას, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა მარნეულში კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების აზრის გამოხატვის თავისუფლებისათვის.

 

რაშან ზიადალიევის ინტერესებს სასამართლოში GDI წარმოადგენდა. აღნიშნულ საქმეზე ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ სამართალწარმოებას, მათ შორის, მივმართავთ საქართველოს შსს-ს გენერალურ ინსპექციას, შეისწავლოს პოლიციელთა მხრიდან რაშან ზიადალიევის მიმართ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების კანონიერების საკითხი.