2019 წლის 3 მაისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და მასთან ასოცირებული სხვა კანონპროექტები, რომლის ფარგლებშიც ნაწილობრივ გათვალისწინებულია ინიცირებულ ვერსიასთან მიმართებით GDI-ის მიერ წარდგენილი შენიშვნები და წინადადებები, კერძოდ:
რეგულირების დისკრიმინაციული ხასიათის მოტივით, პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტიდან ამოღებულ იქნა ინიცირებული ვერსიის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც მიწის მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში მხოლოდ უცხოელ ფიზიკურ პირებს აკისრებდა ვალდებულებას დაეუშავებინათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. გარდა ამისა, GDI-ს მიერ წარდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებში ყურადღება იყო გამახვილებული რიგ დებულებებში კანონის ხარისხის მოთხოვნების დარღვევაზე. მათ შორის ბუნდოვანი იყო, თუ კონკრეტულად რას გულისხმობდა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწის გამოყენება“. იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტი უცხოელს აღარ უწესებს მსგავს ვალდებულებას და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამის პასუხისმგებლობებს, ამ ნაწილში აღნიშნული პრობლემაც დაძლეულია.
ინიცირებული ვერსიის მე-10 მუხლი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელთა საკუთრების უფლების მიმართ ითვალისწინებდა შეზღუდვებისა და რეგულირებების რეტროაქტიული წესით გავრცელებას (მიწის დამუშავების ვალდებულებას აკისრებდა იმ უცხოელ ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც უკვე აქვთ მიწა საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში), რაც ქმნიდა არასტაბილურ გარემოს სამოქალაქო ბრუნვისათვის და კონკრეტულად უცხოელებისათვის. ამავდროულად, აღნიშნული რეგულირება იყო დისკრიმინაციული ამ უცხოელებთან მიმართებაში, ვინაიდან იმავე ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გავრცელება არ ხდებოდა საქართველოს მოქალაქე იმ პირებთან მიმართებაში, რომლებსაც ასევე აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში. პირველი მოსმენით მიღებულ ვარიანტში აღნიშნული ხარვეზებიც აღმოფხვრილია, ამავდროულად აღნიშნული ეხება არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ იურიდიულ პირებსაც.
მართალია შენარჩუნდა გარიგების დადებისას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების აკრძალვა (რაც GDI-ს მიერ უარყოფითად იყო შეფასებული), თუმცა დაკონკრეტდა, რომ აღნიშნული ვრცელდება ისეთ გარიგებებზე, რომელშიც მიწის უზრუნველყოფა ხდება საკუთრების გადასვლის პირობით. აღნიშნულით შემცირდა იმ გარიგებათა მასშტაბი, რომელზეც შეიძლება გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები.
მიუხედავად ამისა, კანონპროექტში კვლავ რჩება რიგი პრობლემები და ხარვეზები, მათ შორის აღნიშვნის ღირსია სუბიექტთა ვიწრო წრე, დომინანტი პარტნიორის ცვლილების აკრძალვა იურიდიულ პირებში, რიგი ბუნდოვანებები რეგულაციებთან დაკავშირებით და სხვა.
GDI გააგრძელებს მუშაობას დარჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით და იმედოვნებს, რომ საბოლოოდ მიღებული კანონი შესაბამისობაში იქნება მოქმედი კონსტიტუციის მოთხოვნებთან, ამავდროულად კი შექმნის ეკონომიკურად ხელსაყრელ გარემოს უცხოელებისათვის.