სიახლეები

27
ივნისი2013

GDI მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის არაოფიციალურ თარგმანს აქვეყნებს

2013 წლის 17 ივნისს, გამოქვეყნდა ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის სტრუქტურული ერთეულის – სამართლიანობისა და ადამიანის ღირსების დირექტორატის – ერთობლივი დასკვნა მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისია და დირექტორატი არ გამოხატავს თავის მოსაზრებას საქართველოში მართლმსაჯულების ხარვეზების არსებობის, მათი სისტემურობისა და დროებითი კომისიის შექმნის საჭიროების თაობაზე. მათი ერთადერთი მიზანი არის წვლილი შეიტანონ, რომ შემოთავაზებული მექანიზმი, შესაძლებლობის ფარგლებში, შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ხელისუფლების დანაწილებისა და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქმეებში მართლმსაჯულების სავარაუდო ხარვეზების არა-სასამართლო ორგანოს მიერ შემოწმების პროცესი წინ წამოწევს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ისეთ საკითხებთან, როგორიც არის ხელისუფლების დანაწილება და სასამართლოს დამოუკიდებლობა. ასეთი მექანიზმი შესაძლოა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იქნეს გამოყენებული. თუ საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში სწორედ მსგავსი გარემოებაა შექმნილი, მაშინ აშკარაა, რომ მხოლოდ საქმეების გადახედვა მართლმსაჯულების სრულფასოვანი რეფორმის გარეშე არ იქნება საკმარისი. ნებისმიერ მსგავს ზომას თან უნდა ერთვოდეს სასამართლოს უფრო ფართო რეფორმა მისი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის განსამტკიცებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კანონის უზენაესობა არ შესუსტდეს ისეთი ღონისძიებით, რომელსაც ზოგიერთი აღიქვამს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს, რადგან დებულებები, რომლებიც ხაზს უსვამენ მათ პოლიტიკურ ბუნებას, მხოლოდ მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციამდე მიგვიყვანს.

საქართველოს ხელისუფლების მიდგომა, რომელიც ამ პროცესში რთავს არასასამართლო ორგანოს, შეესაბამება ხელისუფლების იმ შეფასებას, რომ მთლიანი სასამართლო და პროკურატურა მონაწილეობას იღებდა მართლმსაჯულების ამ სავარაუდო მასობრივ ხარვეზებში. თუმცა, თუ საქართველოს ხელისუფლება მზად არის წავიდეს ამ მიმართულებით კონსტიტუციური დაბრკოლებების მიუხედავად, არსებობს წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს, რათა საქართველომ უარი არ თქვას  კანონის უზენაესობის სტანდარტებზე:ნებისმიერი გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ხარვეზების შედეგად დაზარელებული მომჩივნების სისხლის სამართლის ბრალდების საქმეებზე უნდა მიიღოს სასამართლომ.

დღევანდელი საქართველოს თავისებურებების გათვალისწინებით, ვენეციის კომისიასა და დირექტორატს სურს აღნიშნოს, რომ მას რთულად მიაჩნია შესაბამისობის უზრუნველყოფა კანონის უზენაესობის იმპერატიულ დანაწესთან, რომელიც უნდა მიესადაგოს სისხლის სამართლის საქმეების გადახედვის ნებისმიერ პროცესს. კერძოდ ამ კუთხით გასათვალისწინებელია უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და სასამართლო ხელისუფლების შეზღუდული ზომა. ამ კონტექსტში ვენეციის კომისია და დირექტორატი მიუთითებენ ძლიერ  განსხვავებულ კონტექსტებზე, რომელშიც ევროპის ქვეყნებში მოქმედი სისხლის სამართლის საქმეების გადახების კომისიები მუშაობენ.

დასკვნაში სულ ასახულია საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემული 15 რეკომენდაცია, რომელიც შეეხება კანონპროექტში წარმოდგენილ სხვადასხვა დებულებებსა და რეგულაციებს

ვითვალისწინებთ რა ვენეციის კომისიის განსაკუთრებულ წვლილს, რომელიც მას უკვე არაერთი წელია შეაქვს საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის საქმეში, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებლად უნდა მიიღოს მხედველობაში ის მნიშვნელოვანი შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც ასახულია ზემოაღნიშნულ დასკვნაში.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) სრულად გთავაზობთ ხსენებული დასკვნის არაოფიციალურ ქართულ თარგმანს.