სიახლეები

17
იანვარი2014

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს

2013 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ. მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის ნასამართლობასა და იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით გაჩენილმა შეკითხვებმა ნათლად წარმოაჩინა, კანდიდატურის შერჩევის მნიშვნელობა და ამ პროცესში პროკურორის შერჩევა-დანიშვნაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების – იუსტიციის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა.

,,პროკურატურის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად: ,,მთავარი პროკურორი ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას. იგი პასუხისმგებელია პროკურატურის საქმიანობაზე.“  შესაბამისად, მთავარი პროკურორი უნდა სარგებლობდეს მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაციით. სხვაგვარად, არა მხოლოდ ზიანი მიადგება სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს, არამედ აღნიშნული უწყების მიმართ კიდევ უფრო შესუსტდება საზოგადოების ნდობა. აღნიშნულის გათვალისწინებით,  აუცილებელია, სათანადოდ იქნეს შესწავლილი თითოეული კანდიდატის ბიოგრაფია, გამოცდილება, განათლება, ასევე, პროკურატურაში არსებული პრობლემების მოგვარებისა და განსახორციელებელი რეფორმების ხედვა. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა პრინციპებისა და ღირებულებების საფუძველზე შეირჩევა ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურა.

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.“ უდავოა, რომ კანონი, იუსტიციის მინისტრს მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევისას განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ანიჭებს. ამის გათვალისწინებით სამწუხაროა, ის განცხადება, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში იუსტიციის მინისტრის  მიერ გაჟღერდა: ,,მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევაზე მუშაობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჩემთვის არ არის ცნობილი, რომელ გვარებზე შეიძლება იყოს საუბარი.“ ამგვარი განცხადება მიუთითებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იუსტიციის მინისტრის მონაწილეობას მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ფორმალურ მნიშვნელობას ანიჭებს, რითაც აკნინებს კანონის შინაარსს.

კანონის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ იუსტიციის მინისტრმა თავად აიღოს პასუხისმგებლობა მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის მინისტრის ერთობლივი მონაწილეობა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში  არის გარანტია აღნიშნულ თანამდებობაზე ისეთი პირის დანიშვნისა, რომელიც მორალურად და პროფესიულად შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას.  იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან კი ირკვევა, რომ, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, იგი  ჩამოცილებულია მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს. ყოველივე ზემოაღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს განზრახული აქვს, ერთპიროვნულად შეარჩიოს კანდიდატი, რომელიც მთავარი პროკურორის თანამდებობას დაიკავებს.

მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, იმოქმედონ ,,პროკურატურის შესახებ” კანონის ზემოაღნიშნული ნორმის მიზნის შესაბამისად და სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ მთავარი პროკურორის შერჩევისა და დანიშვნის საკითხს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”