სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მივესალმებით ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი ქრისტიან დანიელსონის როლი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის მედიაციის პროცესის წარმართვაში.
დასაფასებელია, რომ საქართველოში პირველი ვიზიტის დაწყებისთანავე, ბატონი დანიელსონი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მოისმინა მათი ხედვა, თუ როგორ უნდა განიმუხტოს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ასევე, სპეციალური წარმომადგენლის დახმარებითა და ძალისხმევით, პოლიტიკურმა ძალები დაუბრუნდნენ მოლაპარაკების პროცესს და გამართეს შეხვედრების სერია.
სამწუხაროდ, ბატონი დანიელსონის აქტიური ჩართულობის მიუხედავად, მხარეთა შორის კონსესუსის მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხელმომწერი ორგანიზაციები, სინანულს გამოვთქვამთ, რომ მედიაციის პროცესში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და საზოგადოებისთვის ნაკლებად გამჭვირვალეა. აღნიშნული კი, საშუალებას აძლევს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, შეთანხმების მიუღწევლობა ერთმანეთს გადააბრალონ.
იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი აგრძელებს მხარეებს შორის მედიაციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოვთქვამთ სურვილს, მიუკერძოებელ და ნეიტრალურ მედიატორთა მხრიდან, საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია უშუალოდ მედიაციის პროცესის, ამ პროცესში პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობისა და შედეგების შესახებ.
მიგვაჩნია რომ, მედიაციის ამგვარად წარმართვა, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და თავიდან აგვაცილებს დამატებით სპეკულაციებს, დეზინფორმაციისა და ანტიევროპული ნარატივების გაძლიერებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – მის საზღვრებს გარეთ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კავშირი საფარი (HRHT)
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
უფლებები საქართველო
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)