მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მონაწილეობით ავტოავარიის გამოძიების მასალები უნდა გასაჯაროვდეს

GDI მიმართავს პროკურატურას და იმ ავტოავარიის გამოძიების საქმის მასალების გადაცემას ითხოვს, რომელშიც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეც მონაწილეობდა. პროკურატურის ინფორმაციით საქმეზე გამოძიება შეწყვეტილია, შესაბამისად არ არსებობს მასალების, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. 

 

2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მთავარი ოპოზიციური მედიასაშუალების ხელმძღვანელის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა და სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების, როგორც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად გამოყენებაზე.

 

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ოპოზიციის წევრთა მიმართ წარმოებული არაერთი გახმაურებლი საქმის მოსამართლეა. ამ საქმეებზეც ასევე არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობის მოსაზრებები. აღნიშნულმა გარემოებებმა საზოგადოებაში მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართ მნიშნელოვანი კითხვები გააჩინა. არსებობს მოსაზრება, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენების ქვეშაა. ეს მოსაზრება 2015 წლის ავტოსაგზაო შემთხვევას ეფუძნება, რომლის ერთ-ერთი მონაწილე  მოსამართლე ჩხიკვაძე იყო. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა, ხოლო ერთი გარდაიცვალა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზების საფუძველზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა და, შესაბამისად, გამოძიება შეწყდა. 

 

დღეს საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და ამ პროცესში კრიტიკული მედიის მიმართ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან შემაფერხებელ ბერკეტად შეიძლება იქცეს. მოსამართლის მაღალი საჯარო სტატუსისა და საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი როლის გათვალისწინებით, მაღალია მისი წარსული საქმიანობის, მათ შორის მის წინააღმდეგ არსებული გამოძიების დეტალების მიმართ საჯარო ინტერესი. საზოგადოებას აქვს უფლება მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ არსებულ ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი  და ამის უპირველესი ინტერესი თავად მოსამართლეს და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს.

 

GDI მოუწოდებს, საქართველოს პროკურატურას კანონით გათვალისწინებულ ვადაში გასცეს საქმის მასალები, როგორც საჯარო ინფორმაცია. გაითვალისწინოს მოსამართლის სტატუსი, მაღალი საჯარო ინტერესი და მასალების ღია ინფორმაციად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ამ ინტერესს მიანიჭოს უპირატესობა.