დებულებები, რომლებიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ დღეს, 1 სექტემბერს, ამოქმედდა მაუწყებელთა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შინაარსობრივ ფილტრს წარმოადგენს. კანონში გამოყენებული ტერმინები, იმდენად ფართო და ბუნდოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობას აძლევს მისი სუბიექტური შეხედულებით გადაწყვიტოს რა გაუშვას მაუწყებელმა ეთერში და რა არა. მსგავსი საკანონმდებლო ჩარჩო მაუწყებლებს მათი ეთერის შინაარსის განსაზღვრისას იმდენად დამოკიდებულს ხდის კომუნიკაციების კომისიაზე, რომ ატარებს ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტს და ეწინააღმდეგება ცენზურის დაუშვებლობის აბსოლუტურ ხასიათს.
2020 წლის 31 აგვისტოს, GDI-მ ოთხი ეროვნული მაუწყებლის (მთავარი არხი, ფორმულა, ტელეკომპანია კავკასია და ტელეკომპანია პირველი), ასევე, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებითი ჯგუფის (ქეთი დევდარიანი, გიორგი ლიფონავა და ირაკლი საღინაძე) სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. სარჩელში სადავოა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ნორმები, რომლებიც ბავშვზე მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციისგან არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით მაუწყებელთა მიერ გადაცემულ სრულ ინფორმაციას შინაარსობრივად არეგულირებს. მიგვაჩნია, რომ ნორმები არღვევს მაუწყებელთა კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და მისი გამოხატვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებისა და ცენზურის აკრძალვის მოთხოვნებს. ნორმები ასევე, არღვევს შემოქმედების თავისუფლებას, რადგან შემოქმედების მხოლოდ კონკრეტული შინაარსითა და კონკრეტულ დროს საზოგადოებამდე მიტანის შესაძლებლობას აძლევს მის ავტორებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, შინაარსობრივი რეგულირების შემოღების გზით, ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას.“ წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ „იქ, სადაც თავისუფალი სიტყვა უზრუნველყოფილი არ არის, არ არის სივრცე განვითარებისთვის, თავისუფლებისთვის.“[1]
სადავო ნორმები სწორედ სავალდებულოდ განსაზღვრავს თუ რა შინაარსის ინფორმაცია შეუძლია გაავრცელოს მაუწყებელმა და ასეთის განსაზღვრის შესაძლებლობა მხოლოდ კომისიას ანიჭებს. მაგალითად, კომისია დაადგენს რა არის შეურაცხმყოფელი ლექსიკა, რა არის სექსუალური სცენა, რა არის ოკულტიზმი ან მისი მსგავსი მოვლენა. ამასთანავე, სადავო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის კანონმდებლობა სპეციალურ, უფრო მკაცრ სანქიცირების წესს ითვალისწინებს - პირველ შემთხვევაში ჯარიმას, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იმავე მოთხოვნების დარღვევისას მაუწყებელს უპირობოდ უჩერდება ლიცენზია.
მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლებისთვის მსგავსი შებოჭვა განსაკუთრებით დაუშვებელი და საფრთხის შემცველი წინასაარჩევნო პერიოდშია. მაშინ, როდესაც გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის.
სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან ერთად, სარჩელით ასევე ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მათი მოქმედების შეჩერებას. მიგვაჩნია, რომ ნორმებს აქვს რესურსი უარყოფითად იმოქმედოს, არა მხოლოდ მათში ჩამოთვლილი ინფორმაციის, არამედ იმ ინფორმაციის გავრცელებაზეც რაც სცდება მათი დაცვის სფეროს და რომელზე წვდომაც, საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. მაუწყებელთა საქმიანობის შეჩრების საფრთხე და ინფორმაციის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა კი შეუქცევად ზიანს წარმოადგენს როგორც მაუწყებლებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის ვისაც სურს ინფორმაციის მიღება.
კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ „ბავშვის უფლებების კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561, 562 და 71 მუხლის დებულებების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მეორე და მესამე პუნქტებთან ასევე, მე-20 მუხლის პირველ და მეორე პუნქტთან მიმართებით.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“