05.07.2021- მარში ღირსების გარეშე

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ წარმოგიდგენთ ანგარიშს - „მარში ღირსების გარეშე“. ანგარიშის სათაურით გამოკვეთილია ის სამწუხარო რეალობა, რომ 5 ივლისი, ანუ დღე, როდესაც თანადგომისა და სოლიდარობისადმი მიძღვნილი „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, საბოლოოდ იქცა დღედ, როდესაც ვიხილეთ სიძულვილი, ძალადობა და აგრესია, შესაბამისად - მოძალადეთა მარში, რომელიც დაცლილი იყო ღირსებისგან.

 

წინამდებარე ანგარიში წარმოაჩენს LGBTQI+ თემის მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით არსებულ პრობლემებს. ამ ჭრილში განხილულია სახელმწიფოს  მიერ  კონსტიტუციური და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და  LGBTQI+ თემის მიმართ გატარებული პოლიტიკა. უფრო კონკრეტულად,  ანგარიში ასახავს 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჰომოფობიურ კონტექსტში განვითარებულ მოვლენებს და მათ წინმსწრებ პერიოდს. აღნიშნული მოვლენები ასევე შეფასებულია მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების თვალსაზრისით. კერძოდ, სამართლებრივად გაანალიზებულია 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმაზე სახელმწიფოს რეაგირება, თუმცა ანგარიში ძირითადად LGBTQI+ თემის უფლებების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას აფასებს.

 

ანგარიშის პირველ ნაწილში აღწერილია როგორც თბილისი პრაიდის კვირეულამდე, ისე მისი მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები. მათი სამართლებრივი შეფასება კი, საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტების გათვალისწინებით, მეორე ნაწილშია წარმოდგენილი.

მოვლენების შეფასების შედეგად გამოვლინდა შემდეგი:

 

  • ხელისუფლებამ დაარღვია კონსტიტუციითა და ევროკონვენციით დაკისრებული (პოზიტიური) ვალდებულებები. კერძოდ, 5 ივლისს ხელისუფლებამ ვერ ან არ უზრუნველყო LGBTQI+ თემის მიერ „ღირსების მარშის“ გამართვა და თემის დაცვა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების აგრესიისგან, მიუხედავად იმისა, რომ მარშის გამართვამდე აღნიშნული  ჯგუფები ღიად აცხადებნენ მის ჩასაშლელად მაქსიმალური მობილიზაციისა და შესაძლო ძალადობის შესახებ და სწორედ ამ საფრთხისგან დაცვის გარანტიები „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებმა  ხელისუფლებისგან წინასწარ მოითხოვეს. შესაბამისად, სახელმწიფომ დაარღვია LGBTQI+ თემის შეკრების თავისუფლება და ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვის ვალდებულება.

  • გარდა ამისა, ხელისუფლებამ ვერ ან არ დაიცვა ძალადობრივი ჯგუფებისგან მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ დაარღვია ღირსების შემლახავი მოპყრობისგან მედიის წარმომდგენლების დაცვის ვალდებულება და ასევე არ ან ვერ უზრუნველყო მათ მიერ ჟურნალისტური საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება, რითაც დაარღვია გამოხატვის თავისუფლებაც.

  • რაც მთავარია,  კონსტიტუციისა და ევროკონვენციის საწინააღმდეგოდ ხელისუფლებამ არა მხოლოდ არ დაიცვა სათანადოდ LGBTQI+ თემის წევრები და მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები, არამედ თავად წაახალისა მათზე ძალადობა „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ მიმართული ჰომოფობიური და არადემოკრატიული განცხადებებით. ეს წამახალისებელი ეფექტი დღემდე გრძელდება იმ თვალსაზრისით, რომ  ხელისუფლებას ჯერ არ დაუკავებია ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფების არცერთი ორგანიზატორი. აღნიშნული კი ქმნის მომავალში ძალადობის ხელახლა განხორციელების სერიოზულ საფრთხეს.

 

აღსანიშნავია, რომ GDI სამართლებრივ დახმარებას უწევდა „თბილისი პრაიდს“ და უშუალოდ იყო ჩართული მიმდინარე მოვლენებსა და დისკუსიებში. შესაბამისად, ანგარიშში მოხმობილი ინფორმაცია დაფუძნებულია როგორც მედიაში გავრცელებულ მასალაზე, ასევე GDI-ს წარმომადგენლების პირად და პრაიდის ორგანიზატორთა გამოცდილებაზე.

GDI აგრძელებს მიმდინარე გამოძიებაზე დაკვირვებას და როგორც თბილისი პრაიდის, ისე ჟურნალისტების ინტერესების დაცვას სახელმწიფო ორგანოების წინაშე.