2024 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “მთავარი არხი” არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების საფუძვლით 2500 ლარით დააჯარიმა.
საქმე ეხება მთავარი არხის ეთერში განთავსებულ ორ ვიდეორგოლს. პირველ ვიდეორგოლში ნახსენებია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ნაკლებად პოპულარული იყო ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, თუმცა სამოქალაქო სექტორის კვლევით დამტკიცდა, რომ ეს ყველა რეგიონზე არ ვრცელდება და სტერეოტიპების დარღვევას ეთნიკურად აზერბაიჯანული მედია ებრძვის. ვიდეორგოლის ბოლოს აღნიშნულია: „რამდენადაც მარტივია მაგალითების პოვნა რა სიკეთე მოუტანა დასავლურმა ცოდნამ და დახმარებამ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, იმდენად მარტივია დანახვა რა საფრთხე დაემუქრა საზოგადოების ყველა ნაწილს „რუსული კანონის“ ამოქმედებით.“ რაც შეეხება მეორე ვიდეორგოლს, მასში ნიაზ დიასამიძის სიმღერის ფონზე ნაჩვენებია კადრები რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებიდან, რის შემდეგაც ჩანს ლოგო: “კი - ევროპას, არა- რუსულ კანონს”.
კომისიის განმარტებით, აღნიშნულ ვიდეორგოლებში ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მოხსენიებულია, როგორც “რუსული კანონი”. კომისიის მოხსენებითი ბარათის თანახმად, “ცნობილია, რომ კანონის ინიციატორი და მიმღები იყო მმართველი პარტია და შესაბამისად ვიდეორგოლის მიზანია „ქართული ოცნების” არჩევის ხელშეშლა მომავალ არჩევნებში.“ ამდენად, კომისიის აზრით პრობლემურია კანონის “რუსულად” მოხსენიება, მაშინ როდესაც მისი იურიდიული დასახელება განსხვავებულია. ამავდროულად, კანონის “რუსულად” მოხსენიებით იგი ნეგატიურად წარმოაჩენს მმართველ პარტიას, რომელმაც კანონს დაუჭირა მხარი.
მთავარი არხის განმარტებით, სადავო ვიდეორგოლები განთავსებული იყო არა პოლიტიკური, არამედ სოციალური რეკლამის სტატუსით, რომლის მიზანიც იყო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, განსაკუთრებით კი ევროინტეგრაციაზე ყურადღების გამახვილება. მათი მოსაზრებით ვიდეორგოლები ვერ ჩაითვლება პოლიტიკურად ვინაიდან მასში არაა ნაჩვენები/ნახსენები არც ერთი პოლიტიკური პარტია. “მთავარი არხის” წარმომადგენლემა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ კანონი თავად მას, მაუწყებელსაც ეხება და შესაბამისად მაუწყებელს სრული უფლება აქვს დააფიქსიროს საკუთარი სარედაქციო პოზიცია/აზრი ამ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის მას უწოდოს “რუსული”, ხოლო დაუშვებელია კომუნიკაციების კომისია ჩაერიოს გამოხატვის შინაარსში.
აღსანიშნავია, რომ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს GDI-ს წარმომადგენლებმაც, რომლებმაც განმარტეს, რომ ვიდეორგოლები არ ექცევა კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ცნებაში და ის წარმოადგენს სოციალურ რეკლამას. მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მედიებისათვის ცენზურის დაწესება “რუსული კანონის” ხსენებისათვის, არის ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი გამოვლინება იმ მთავარი გზავნილით, რომ მაუწყებლებმა აღარ გააკრიტიკონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის რუსული კანონის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ერთი მხრივ უშუალოდ მაუწყებლებს ეხება, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. გარდა ამისა, ჩვენი აზრით, კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება არის მინიშნება იმისა, რომ კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის ინტერესების გატარებასა და რუსული კანონის ირგვლივ არსებული კრიტიკის ჩახშობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი აქტორი იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბოლო დროის განმავლობაში, წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს მაუწყებლების წინააღმდეგ, რაც აშკარას ხდის კრიტიკული მედიის მიმართ დაწყებულ სრულმასშტაბიან შეტევას ავტორიტარული ხელისუფლების კიდევ ერთი ინსტიტუტის მხრიდან.
ამასთან, კომისიამ 2024 წლის 25 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. აღნიშნულ საქმეში, კომისიამ პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნია ვიდეორგოლი, რომელშიც ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. საყურადღებოა, რომ ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის ჰელსინკის კომისია, რომლის განცხადებით, „"ქართული ოცნება" იყენებს კიდევ ერთ ტაქტიკას რუსეთის ავტორიტარული სტრატეგიიდან, რათა ცენზურას დაუქვემდებაროს ოპოზიცია და ქართველ ხალხს წაართვას დემოკრატიული მომავალი, რომლისთვისაც ისინი იბრძვიან.“
მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის მსგავსი აქტიურობა და ცენზურის შემცველი გადაწყვეტილებები, მიზნად ისახავს სამაუწყებლო სივრცეში კანონის “რუსულ კანონად” მოხსენიების ცენზურას, რათა მედიასივრცეში გაქრეს რუსული კანონის ირგვლივ არსებული დისკუსია და ზოგადად ხელისუფლების კრიტიკა, ამჯერად კომუნიკაციების კომისიის გამოყენების გზით. აღნიშნული ტენდენცია კიდევ უფრო საფრთხისშემცველია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებული ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიც არის რუსული კანონის ამოქმედება, ჟურნალისტებზე ფიზიკური/სიტყვიერი თავდასხმები, SLAPP სარჩელების მზარდი ტენდენცია, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დისკრედიტაციული განცხადებები და სხვა.