კოალიცია: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ცალკეულ მოსამართლეებზე თავდასხმები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება “ქართული ოცნების” წევრების განცხადებებს, რომლებიც მიმართულია განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეთა დისკრედიტაციისაკენ. მმართველი გუნდის ამგვარ რიტორიკას მსუსხავი ეფექტი აქვს მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებაზე, ლახავს სასამართლოს დამოუკიდებლობას და აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და სასამართლოების თავმჯდომარეთა (ასევე იმ კანდიდატების რომლებსაც სურთ ამ თანამდებობების დაკავება), კეთილსინდისიერების შემოწმება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია. ამ საკითხზე ბოლო დღეებში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს საზოგადოებრივ და პროფესიულ წრეებში. აზრთა სხვადასხვაობაა თავად სასამართლო სისტემის შიგნითაც. 

მოსამართლეთა ერთმა ნაწილმა კეთილსინდისიერების შემოწმების შემოთავაზებული მექანიზმი მკვეთრად უარყოფითად შეაფასა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის განცხადებით კი ასეთი პროცესი პრინციპულად ლახავს სასამართლოს და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. უზენაესი სასამართლოს პლენუმის აღნიშნული განცხადება არ გაიზიარა 10-მდე მოსამართლემ, მათ შორის არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები - ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი. ამ მოსამართლეთა მოსაზრებებს და ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაზე მათ მიერ გამოხატულ მზაობას მმართველი გუნდის მხრიდან მათზე თავდასხმა მოჰყვა. უზენაესი სასამართლოს აღნიშნულ მოსამართლეების კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დააყენეს პრემიერ მინისტრმა და მმართველი პარტიის სხვა წევრებმა. 

აშკარაა, რომ მმართველი პარტია არათუ არ აღიარებს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ რეკომენდაციას, არამედ ცდილობს ამ იდეის სრულ დისკრედიტაციას და მის გარშემო მიმდინარე დისკუსიის ჩახშობას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი გუნდის წევრების ღია თავდასხმა განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებზე. ამგვარი პოლიტიკური რიტორიკა არის ზეწოლა კონკრეტულ მოსამართლეებზე. გარდა ამისა, ამ განცხადებებს აქვს მსუსხავი ეფექტი სხვა მოსამართლეებზეც, რომლებსა შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდესთ საკითხზე. შესაბამისად, ბოლო დღეებში გაკეთებული განცადებებით ხელისუფლება თრგუნავს სასამართლოს შიგნით არსებულ ისედაც მწირ აზრთა სხვადასხვაობას და ლახავს მთლიანად სასამართლოს და ინდივიდუალურ მოსამართლეთა  დამოუკიდებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას. 

კოალიციის მოსაზრებით, ნებისმიერი პოზიცია, რომელიც მიმართულია სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდისკენ და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისკენ, იმსახურებს მხარდაჭერას. ასევე, ზოგადად, სასამართლო სისტემაში აზრთა სხვადასხვაობა სიჯანსაღის მაჩვენებელია და განსხვავებული აზრი არათუ უნდა იდევნებოდეს სისტემის შიგნით თუ მის გარეთ, არამედ უნდა იყოს წახალისებული. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს: მმართველ გუნდს - შეწყვიტოს თავდასხმები მოსამართლეებზე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმზე მათ მიერ გამოთქმული განსხვავებული პოზიციების გამო. ასევე, შეწყვიტოს ევროკომისიის რეკომენდაციების დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია. მოვუწოდებთ პარლამენტს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმირების პროცესი.

 

 2023 წლის კომუნიკაცია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ, COM(2023) 690 final ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/mINU8, განახლებულია: 11.03.24.

  უზენაესი სასამართლოს პლენუმის განცხადება, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი, 2024 წლის 11 მარტი, ხელმისაწვდომია: https://www.supremecourt.ge/ka/news/gantskhadeba, განახლებულია: 15.03.24

 ნეტგაზეთი, ათამდე მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა, 2024 წლის 15 მარტი, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/life/713813/ . განახლებულია: 15.03.24.

 კობახიძე: ამ ორიდან მინიმუმ ერთს კეთილსინდისიერების პრობლემა აქვს, ზარმაცობს, საინფორმაციო პორტალიპუბლიკა“ , 2024 წლის 14 მარტი, ხელმისაწვდომია:  https://publika.ge/kobakhidze-am-oridan-minimum-erts-ketilsindisierebis-problema-aqvs-zarmacobs/

დავით მათიკაშვილი - ბაქაქური და გასიტაშვილი არიან ის მოსამართლეები, ვისზეც მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ ფსონს დებდნენ - როგორც ჩანს, დადგა ჟამი, რომენჯეოებს“, „ნაცმოძრაობასდა მათ უკან მდგომ ძალებს საპასუხო მადლობით უპასუხო, საინფორმაციო პორტალი IPN-ის ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/791459-davit-matikashvili-bekakuri-da-gasitashvili-arian-is-mosamartleebi-viszec-mdidari-arasamtavrobo-organizaciebi-did-psons-debdnen-rogorc-chans-dadga-zhami-rom-enjeoebs-nacmozraobas-da-mat-ukan-mdgom-zalebs-sapasuxo-madlobit-upasuxon, განახლებულია: 15.04.24.