გიორგი თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობა საშიში პრეცედენტის შემქმნელია

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე გიორგი თაბაგარის წინააღმდეგ. სასამართლომ გიორგი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

 

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს და ქმნის მომავალში აქტივისტების წინააღმდეგ კიდევ უფრო რეპრესიული პოლიტიკის გატარების საშიშ პრეცედენტს. მეტიც, იმ ფონზე, როდესაც 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი, დაზარალებულთა სანქცირება საზოგადოებაში აგზავნის მესიჯს, რომ სახელმწიფო არა დაზარალებულების, არამედ სწორედ მოძალადეების მხარესაა, შესაბამისად ამით სახელმწიფო ახალისებს ძალადობას.

 

საქმე ეხება 2021 წლის 5 ივლისს გიორგი თაბაგარსა და პოლიციელს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს, რა დროსაც პოლიციელი გიორგი თაბაგარს ძალადობის ეპიცენტრში, თბილისი პრაიდის ოფისში მისვლას თხოვდა. აღნიშნულ საუბართან დაკავშირებით შსს გიორგი თაბაგარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის შეურაცხყოფას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის დაკისრებას ითხოვდა.

 

აღსანიშნავია, რომ  2021 წლის 5 ივლისს, მთელი დღის განმავლობაში, გიორგი თაბაგარი და მისი თანმხლები პირები, იყვნენ ძალადობრივი დევნის მსხვერპლნი. ისინი მრავალჯერ დადგენ სიცოცხლის მოსპობის საფრთხის წინაშე, თუმცა პოლიციამ ისინი არ დაიცვა.  სწორედ მოძალადეებისგან გაქცევის დროს, ავტომანქანაში ყოფნისას, გიორგი თაბაგარს ძველი თბილისის სამმართველოს გამომძიებელმა დაურეკა და ოფისის კარის გასაღებად „თბილისი პრაიდის“ ოფისში მისვლა მოსთხოვა. გამომძიებლის განცხადებით, ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სურდა. ამდენად, იმ ფონზე, როდესაც გიორგი თაბაგარისა და მისი თანმხლები პირების სიცოცხლე და ჯანმრთელობა რეალური საშიშროების წინაშე იყო და პოლიციის უმოქმედობის გამო უწევდათ მოძალადეებისგან დამალვა, შსს-ს თანამშრომელმა მას იმ ადგილას მისვლა მოსთხოვა, რომელიც ძალადობის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო.

 

სატელეფონო საუბრის დროს, თაბაგარმა პოლიციის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მათ შორის მწვავედ, სალანძღავი სიტყვებითაც გამოხატა. შედეგად, პოლიციამ აღნიშნული შეურაცხყოფად მიიჩნია და 1984 წელს, საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევად ჩათვალა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სამართალდამცავი უწყების წარმომადგნელის შეურაცხყოფისთვის.

 

ხაზგასასმელია, რომ გიორგი თაბაგარის მიერ პოლიციის კრიტიკა სრულიად ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლებით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების დაცვის ამერიკული სტანდარტი დაამკვიდრა, რომლის შესაბამისადაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ ძალადობის მყისიერი და რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

 

მსგავს სტანდარტს ამკვიდრებს გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონიც, რომლის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლების შინაარსის რეგულირება შესაძლებელია მხოლოდ პირისპირ შეურაცხყოფის შემთხვევაში. აღნიშნული მუხლით გამორიცხულია შესაძლებლობა, რომ ადამიანს რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისროს სატელეფონო საუბრის დროს წარმოთქმული სიტყვების გამო, როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს ეს სიტყვები. ამავდროულად გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელშიც გიორგი თაბაგარმა გამოიყენა სალანძღავი სიტყვები პოლიციის მიმართ. გიორგი თაბაგარის გამოხატვა იყო სრულიად ბუნებრივი რეაქცია მთლიანი საპოლიციო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ის და მისი მეგობრები, ისევე როგორც მათი ოფისი არ დაიცვა მოძალადე ჯგუფისგან და ფაქტობრივად გაწირა დასარბევად.

 

აქვე გასათვალისწინებელია, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, მათ შორის საქმე  City of Houston v. Hill, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს პოლიციის ყველაზე მწვავე კრიტიკასაც კი, რომელიც პირდაპირ მიმართულია პოლიციის ოფიცრებისადმი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხშირად გამოხატვის ფორმა არის პროვოკაციული და გამომწვევი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ამგვარი გამოხატვაც დაცულია ცენზურისგან ან სასჯელის დაკისრებისგან. ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ განხილული საქმეები ეხება პოლიციის ოფიცრების პირისპირ შეურაცხყოფას. სატელეფონო საუბრის დროს პოლიციის შეურაცხყოფის შემთხვევები ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი ინსტანციის სასამართლოებს არც კი განუხილავთ, ვინაიდან სადავოც არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მსგავსი ქმედება  გამოხატვის თავისუფლებაში ექცევა.

 

გიორგი თაბაგარის ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს. საქმის წარმოება მიმდინარეობს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - ,,იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის" - ფარგლებში.

 

იხილეთ გიორგი თაბაგარის საქმის მიმოხილვა ვრცლად.