სიახლეები

14
მაისი2019

GDI ეხმაურება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს

GDI ეხმაურება 2019 წლის 14 მაისს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს და მიაჩნია, რომ პილიტიკურად მოტივირებული თავდასხმა საჭიროებს სათანადო რეაგირებას, რომლის განუხორციელებლობაც ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვნად დააზარალებს და შექმნის დესტაბილიზაციის რისკებს.

როგორც გავრცელებული კადერებიდან ჩანს, აგრესიულად განწყობილი პირები ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიაზე თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტებს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და არ მისცეს  გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის- სანდრა რულოვსის ჩაწერის შესაძლებლობა. თავისმხრივ სანდრა რულოვს კი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით პოლიცია ადგილზე 15 წუთის დაგვიანებით მივიდა (როდესაც ინციდენტი დასრულებული იყო) და გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მიგვაჩნია, რომ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი არის პოლიტიკურად მოტივირებული აგრესიის მორიგი გამოვლინება, რომელიც ერთი მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე, მეორე მხრივ კი მიუთითებს არასტაბილურობის საშიშროებაზე და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა მიმართ შეუმწყნარებლობის გაღვივებაზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა საარჩევნო პერიოდში მიმდინარე აგრესიული კამპანიის, ისევე როგორც მანამდე ფაქტობრივად რეაგირების გარეშე დარჩენილი შემთხვევების შემდგომ (მაგალითად კორცხელის მოვლენები) პრინციპში გასაკვირი არაა ამგვარი მოვლენები. მეტიც, მოსალოდნელია რომ უახლოეს დღეებში მსგავსი ინციდენტები მომრავლდეს კიდეც. ამავდროულად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ინიცდენტი მმართველი პარტიის მიერ იყოს მხარდაჭერილი. ამ მხრივ ყურადღსაღებია რუსთავი 2-ის მიერ დღეს გავრცელებული კადრები, სადაც სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია საუბრობს, თუ რა არაკანონიერი მეთოდების გამოყენებას აპირებს არჩევნების მოსაგებად.

ზემოაღნიშნული გარემოებების ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ შემთხვევაზე მოხდეს მყისიერი, ადეკვატური და მკაცრი რეაგირება. მათ შორის გასათვალისწინებელია, რომ იკვეთება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები (სსკ-ს 154-ე მუხლი). შესაბამისად, გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა დაიწყოს.

პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკურ ნიადაგზე ძალადობრივი დაპირისპირებები დემოკრატიული პროცესების ხელშეშლის სერიოზული ფაქტორია. მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნაში კი მას დამღუპველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამჯერად მაინც გაიზარებს თავისუფალი საარჩევნო გარემოს მნიშვნელობას და არ შექმნის ძალადობის ესკალაციის საფრთხეებს. ამის სანაცვლოდ კი იქნება არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტიორი.