სიახლეები

04
ოქტომბერი2013

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბაჩანა ახალაიას მიმართ განხორციელებულ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით

2013 წლის 2 ოქტომბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას შეხვედრების ეპიზოდები მასთან ვიზიტად მყოფ პირებთან, მათ შორის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლაზე უფლებამოსილ პირებთან (ე.წ. საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო) და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პარლამენტის წევრთან.

გავრცელებული ვიდეო შეიცავს აუდიო ჩანაწერსაც, სადაც ცხადად ისმის საკანში მყოფ პირთა საუბრის შინაარსი.

გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენელთა ოფიციალური კომენტარებით ირკვევა, რომ სამინისტრო დარღვევად არ მიიჩნევს პატიმრის საკანში აუდიო და ვიდეო ფიქსაციის განხორციელებას და ამას პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით ხსნის.

საქართველოს კანონმდებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებას ანიჭებს უფლებამოსილებას, განხორციელდეს პატიმრის ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ელექტორნული მეთვალყურეობის განხორციელება აბსოლუტურად განსხვავდება ფარული მიყურადებისაგან (რაც მოიცავს ფარულ ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერას). ფარული მიყურადების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას და მხოლოდ სასამართლო კონტროლით.

შესაბამისად, თუ სამინისტროს არ გააჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილება ფარული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ (რაც მოიცავს საკანში მყოფი პირების საუბრის აუდიო ფიქსაციას), ბუნებრივია ადგილი აქვს პატიმრის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ხელყოფას.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ შესაძლოა მსგავს მიყურადებას დაქვემდებარებოდნენ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ის წევრები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს ახორციელებენ, რის შესახებაც ეჭვს ამყარებს სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადება, რომ ვიდეო და აუდიო ფიქსაცია უწყვეტ რეჟიმში წარმოებდა. საქართველოს ორგანულის კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“, ასევე „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმი“ კრძალავს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრთა საქმიანობის განხორციელების დროს თავისუფლებააღკვეთილ პირთან საუბრის კონფიდენციალობის დარღვევას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და დაადგინოს და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი სამართალდამრღვევი პირები.

ამავდროულად მოვუწოდებთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ ფარული აუდიო მიყურადების აღკვეთა, თუ აღნიშნული მოქმედება არ წარმოადგენს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას და არ ხორციელდება სასამართლო აქტის შესაბამისად.

სხვა სიახლეები

არქივი

07 ივლისი, 2020

მედიაკოალიცია: შემოთავაზებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს

03 ივლისი, 2020

საბოტაჟის მუხლით სუს-ში მიმდინარე გამოძიება კრიტიკული მედიის თვისუფლებაში უხეში ჩარევისა და აზრის შინაარსის კონტროლის ნიშნებს შეიცავს

02 ივლისი, 2020

GDI, ISFED და HRC მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებით რა სამართლებრივი რეალობა იარსებებს 15 ივლისის შემდგომ

29 ივნისი, 2020

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ მესამე ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულები