წარმოგიდგენთ GDI-ს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც მიმოიხილავს 2022 წლის განმავლობაში ორგანიზაციის საქმიანობას შემდეგი პროგრამების მიმართულებით: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები , კანონის უზენაესობა და სამოქალაქო განათლება.
2022 წელი გამორჩეული იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ დასავლეთსა და დასავლურ ღირებულებებზე უარის თქმისა და მათგან დისტანცირების კუთხით, რამაც დააზიანა და დღემდე აზიანებს საქართველოში დემოკრატიის შენებისა და გამტკიცების პროცესს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხსა და იმ ფუნდამენტურ საკითხებზე რაზეც GDI წლებია მუშაობს.
GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამა აქტიურად მუშაობდა ისეთი უფლებების დაცვასა და განმტკიცებაზე, როგორიცაა გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა და ა.შ.
ორგანიზაციისათვის ადრეულ ეტაპზევე ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება ბრძოლას იწყებდა კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და საქართველოში იზრდებოდა სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენების, სასამართლოსთვის ე.წ. SLAPP (სტრატეგიული სარჩელები სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) სარჩელებით მიმართვიანობის ტენდენცია, რაც მიზნად ისახავდა ჟურნალისტების/ მედიის გაჩუმებასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას.
GDI ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე იცავდა მაუწყებლებისა და მედიის წარმომადგენლებს ცილისწამებასთან დაკავშირებული 10-ზე მეტი საქმეში, რომელთა ინიციატორები, როგორც წესი, ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათთან დაკავშირებული პირები არიან (ხშირ შემთხვევაში, მათი ახლო ნათესავები ან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თუ შემომწირველები).
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის ფარგლებში GDI-მ სამართლებრივი დახმარება გაუწია 60-მდე მედია ორგანიზაციასა და ჟურნალისტს, წარმოადგინა ისინი სახელმწიფო უწყებებში/ სასამართლოში და მიმდინარე წლის განმავლობაში აგრძელებს მუშაობას მედიის თავისუფლებისთვის ახალი საფრთხის, SLAPP გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
GDI, წინა წლების მსგავსად, აქტიურად ერთვებოდა ქართული მართლმსაჯულების პრობლემების იდენტიფიცირებასა და მონიტორინგში. კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად ამუშავებდა მართლმსაჯულების სისტემის ცვლილებების ხედვებს და ერთვებოდა სასამართლო სისტემის ინსტიტუციური რეფორმის შემუშავებასა და მის ადვოკატირებაში. პროგრამა ორიენტირებულია როგორც საერთო სასამართლოებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ საზოგადოების ცნობადობის გაზრდასა და ინფორმირებულობაზე, ასევე, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებაზე. 2022 წელს GDI სხვადასხვა ფორმით ავრცელებდა ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ, პლატფორმა “იცნობდე შენს მოსამართლეებს” საშუალებით საზოგადოებას აცნობდა მოსამართლეებს.
GDI-სათვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კვლავაც იყო სამოქალაქო განათლების სწავლება და ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა. ამ კუთხით საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სამოქალაქო განათლების ონლაინ პლატფორმის civiceducation.ge (სამოქალაქო განათლება ყველასათვის) გაძლიერება. 2022 წელს 23000-მდე გაიზარდა პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობა, მათ შორის კი აღსანიშნავია სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა. სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში GDI-მ დააორგანიზა არა ერთი კონკურსი, ტრენინგი თუ ვებინარი, რომელშიც 700-მდე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას, დებატების ტურნირი და ესეების კონკურსი მოსწავლეთათვის და სხვა. ჩამოთვლილი აქტივობებით ორგანიზაცია ხელს უწყობდა არაფორმალური განათლების პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში.
2022 წელი გამორჩეული იყო GDI-თვის საერთაშორისო პლატფორმებზე ჩართულობის კუთხით. GDI-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს არაერთ კონფერენციასა და მაღალი დონის შეხვედრაში, რომელიც ეძღვნებოდა მედიის თავისუფლებას, საქართველოს ევროინტეგრაციას და სხვა.
GDI აგრძელებს ბრძოლას ადამიანის უფლებების დაცვისა და მისი თავისუფლების, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებისთვის!
ანგარიშის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.