GDI-ს წარმატებული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე სოსო ღურწკაიამ “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) წინააღმდეგ გიორგი ლომიძის მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

 

საქმე ეხება გიორგი ლომიძის სარჩელს, რომლითაც მოსარჩელემ სადავოდ გახადა FactCheck.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში გავრცელებული ცნობები. სტატიაში მითითებული იყო, რომ გიორგი ლომიძის ვიდეომიმართვა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ წყალბადის ზეჟანგის (პერეკისის) გამოყენებასთან დაკავშირებით, დეზინფორმაციას შეიცავდა.  მოსარჩელე ითხოვდა ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 3 მილიონი ლარის ოდენობით.

 

მისასალმებელია სასამართლოს პოზიცია, რომლითაც ის დაეთანხმა “საქართველოს რეფორმების ასოციაციას“ და მიიჩნია, რომ გაკეთებული განცხადებებით არ შელახულა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, შესაბამისად, არ დააკმაყოფილა სარჩელი. 

 

ამის პარალელურად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც GRASS-ის მიერ შეტანილი შეგებებული სარჩელი, რომლითაც ორგანიზაცია ითხოვდა აშკარად უსაფუძვლო სარჩელის გამო ფულად ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლოს მოპასუხის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელის საფუძველზე უნდა ემსჯელა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, რომელშიც  მითითებულია, რომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურების მიღება.”

 

მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ცნობები არ ეხებოდა მოსარჩელეს, არამედ სადავო სტატიაში საუბარი იყო წყალბადის ზეჟანგის თვისებებსა და მისი დალევის შემთხვევაში ჯანმრთელობისათვის სახიფათო შედეგებზე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სარჩელის უსაფუძვლოობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლომ 2022 წლის 22 ივლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. რა დროსაც,  სასამართლომ GRASS-ის მიერ შეტანილი შეგებებული სარჩელი, აშკარად უსაფუძვლო სარჩელის გამო ფულად ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ, დააკმაყოფილა. თუმცა, მოგვიანებით 2022 წლის 26 სექტემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის განხილვა განახლდა. 

 

იმის გათვალისწინებით, რომ საჯაროდ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაერთხელ ყოფილა  სასამართლოში დავის დაწყების საფუძველი, რაც სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენებას, ჟურნალისტების/მედიის გაჩუმებასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაზე მიანიშნებს, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მხრიდან პრეცედენტული გადაწყვეტილების მიღება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მსგავსი სარჩელების სამიზნეებს (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიას) მისცემდა შესაძლებლობას სასამართლოს გზით დაეცვათ და აღედგინათ მათი უფლებები.

 

თუმცა საერთო სასამართლოებში ცილისწამების შესახებ გაზრდილი დავების და ასეთი სარჩელების დაკმაყოფილების მაღალი მაჩვენებლის ფონზე  სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ლომიძის სარჩელის არდაკმაყოფილების შესახებ საბოლოოდ, დადებით როლს ითამაშებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით.

 

ააიპ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს. საქმეს GDI, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.