GDI-ს თავმჯდომარის ვიზიტი ევროპის საბჭოს სამოქალაქო საზოგადოების სამიტში

GDI-ს თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს სამოქალაქო საზოგადოების სამიტში - “Council of europe sivil society samit, The Hague, 2023” - რომელიც 28 თებერვალსა და 01 მარტს ჰააგაში გაიმართა. სამიტში 32 ქვეყნის 100-ზე მეტი უფლებადამცველი მონაწილეობდა.

 

სამიტის მიზანს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრამდე, რომელიც მაისში, რეიკიავიკში გაიმართება, სამოქალაქო საზოგადოების მკაფიო გზავნილების შემუშავება წარმოადგენდა. გზავნილების ძირითადი არსი ევროპის საბჭოსთვის მისი ფუნდამენტური ღირებულებების დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის როლის გადააზრება და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და ჩართულობის გაზრდის უზრუნველყოფაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ძირითადი გზავნილი სამიტის მონაწილეებისადმი საქართველოში ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღების საფრთხეები, საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის დასავლური პერსპექტივისთვის მისი დამანგრეველი შედეგების შესახებ ინფორმაციის გაზიარება იყო.

 

დასასრულს, სამიტმა შეიმუშავა სამოქალაქო საზოგადოების დეკლარაცია ევროპის საბჭოს მომავალი რეფორმის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს წარედგინება.

 

GDI-ს სამიტში მონაწილეობას მხარს უჭერდა ჩვენი პარტნიორი, შვედური ორგანიზაცია, Civil Rights Difenders.