GDI -ს განცხადება თათია სამხარაძის საქმესთან დაკავშირებით

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) ეხმიანება თათია სამხარაძის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. GDI გმობს შალვა რამიშვილის მიერ ქალების სექსუალური შევიწროების შემთხვევებს და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო, არაადეკვატურ რეაგირებას.

2023 წლის 20 მარტს თათია სამხარაძემ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად შალვა რამიშვილი „სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა“. თათია სამხარაძის პოსტი გააზიარა ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ და შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. ამის შემდეგ შალვა რამიშვილი კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა არასასურველ სექსუალურ ქცევაში, შევიწროებაში (გასაუბრებების დროს). რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ჩადენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მამხილებლის არ სჯერა: „როდესაც 7 წლის შემდეგ რაღაც ახსენდება ადამიანს, მე უფრო მგონია და ეს ჩემი აზრია, რომ ეს დიდი ალბათობით არის ამ ფაშისტური კამპანიის ნაწილი“. 

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო ორივე ინსტანციის სასამართლოში, ხოლო უზენაეს სასამართლოში რამიშვილს საქმე არ გაუსაჩივრებია.

შალვა რამიშვილის სექსუალური შევიწროებაში მხილების ფონზე, 2023 წლის 24 მარტს ტელეკომპანია „POSTV”-მ,  გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს შესაძლოა გატაცებული ჰყავდა თათია სამხარაძე. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია “POSTV”-ს დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი არის შალვა რამიშვილი.  „POSTV“-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ თათია სამხარაძის გატაცების შესახებ ინფორმაცია შეატყობინა პოლიციას. პოლიციის მხრიდან შეტყობინებას საგამოძიებო მოქმედებები მოჰყვა.  ტელეკომპანიის მიერ თათია სამხარაძის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, უარყვეს ჩიქოვანმაც და სამხარაძემაც. 

GDI-ის პოზიციით, თათია სამხარაძის გატაცების შესახებ ინფორმაციის გამოგონება და გავრცელება წარმოადგენს რამიშვილის ქმედებების გადაფარვის, სამხარაძისა და სხვა შესაძლო მსხვერპლთა დისკრედიტაციის მცდელობას. ამასთანავე, აღნიშნული ინფორმაციის პოლიციისთვის შეტყობინება შეიცავს სავარაუდო დანაშაულის, კერძოდ, ცრუ დასმენის ნიშნებს.

საქართველოს კანონმდებლობით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული სამართალდარღვევას წარმოადგენს და ავალდებულებს შესაბამის ორგანოებს მოახდინონ ეფექტიანი რეაგირება.[1] 

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები,  ამყარებს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს, თითქოს მსხვერპლი ქალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ არის სანდო იმის გამო რომ მომხდარიდან გარკვეული დრო არის გასული.   ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი პოზიცია ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, შევიწროებას, აბრკოლებს სამართალდამრღვევთა გამოვლენას და ხელს უწყობს მათ დაუსჯელობას. გარდა ამისა, „POSTV”-ის პროსამთავრობო პოზიციონირების გათვალისწინებით, ქართული ოცნების წარმომადგენელთა განცხადებები წარმოადგენს „POSTV”-ისა და შალვა რამიშვილის გამოსარჩლების მცდელობას სექსუალურ შევიწროებაში მამხილებელთა დისკრედიტაციის ხარჯზე.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად შეისწავლონ და რეაგირება მოახდინონ შესაძლო ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევაზე.



[1] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661 მუხლი.