GDI-ს განცხადება კომუნიკაციების კომისიისთვის მანდატის გაზრდასთან დაკავშირებით

GDI ეხმიანება საკანონმდებლო ცვლილების მიღების პროცესს, რომლითაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიენიჭება სიძულვილის ენის გამოყენებაზე, აგრეთვე უხამსობის შემცველ პროგრამებზე ზედამხედველობის უფლებამოსილება. GDI-ის პოზიციით, აღნიშნული ცვლილებები საგანგაშოა მედიის თავისუფლების ისედაც სავალალო მდგომარეობის ფონზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს სამოქალაქო საზოგადოების შიშებს ხელისუფლების რეალურ მიზნებთან დაკავშირებით- მაქსიმალურად შეზღუდოს განსხვავებული აზრის გავრცელება ქვეყანაში.

 

სიძულვილის ენის რეგულირება

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (კომკომი) გაასაჩივრონ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება მაუწყებლის ეთერში სიძულვილის ენის ან ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გადაცემას.  

ცვლილებების მოტივად დასახელებულია ევროკავშირის მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, მათ შორის ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12 პრიორიტეტის შესრულება. 

მართალია, „აუდიოვიზუალური მედია სერვისების შესახებ“ ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ, რომ აუდიო-ვიზუალური მედია სერვისი არ შეიცავდეს სიძულვილის ან ძალადობისკენ წაქეზებას. თუმცა თავად დირექტივიდან არაორაზროვნად იკვეთება, რომ იგი არ აწესებს მარეგულირებელი ორგანოს მიერ სიძულვილის ენის გამოყენების რეგულირების ვალდებულებას. ეს საკითხი შეიძლება მოწესრიგდეს როგორც მარეგულირებელი ორგანოს, ისე თანარეგულირების მექანიზმით. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული კონტექსტის, კომკომზე შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული მაღალი რისკების გათვალისწინებით, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა შეიმუშავეს მკაფიო რეკომენდაცია, რომ საქართველოში დანერგილიყო თანარეგულირების მექანიზმი.  თუმცა საქართველოს პარლამენტმა დააიგნორა აღნიშნული რეკომენდაცია. ამასთან, არ გაითვალისწინა არც თავად მედიაკომპანიების და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების მოწოდება, ამ საკითხზე მსჯელობა და ცვლილებების მიღება მათი ჩართულობით მომხდარიყო. 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის განსაკუთრებით პრობლემური სიძულვილის ენის რეგულირება და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებების გაზრდა ამ მიმართულებით.  ამ საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები წლებია უკვე საუბრობენ და აქცენტს აკეთებენ რამდენიმე საკითხზე: 

1) კომუნიკაციების კომისიის პოლიტიზირება და მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელზეც არამხოლოდ ადგილობრივი ორგანიზაციები, არამედ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც კი საუბრობს. აღნიშნული გამოიხატება კომისიის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ სტანდარტებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებში და მიდრეკილებაში პერმანენტულად, მათ შორის საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე გაიფართოვოს უფლებამოსილებათა წრე. შესაბამისად, მისი მანდატის გაზრდის შემთხვევაში არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ კომისია არ იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო, არამედ შეასრულებს რეპრესიული მანქანის როლს;

2) სასამართლოს დემოუკიდებლობის საკითხი, რომელიც საქართველოს რეალობაში ვერ დააბალანსებს/გამოასწორებს კომისიასთან მიმართებით არსებულ პრობლემებს. 

2)  მმართველი ძალის მუდმივი მიდრეკილება, გააქროს თავისუფალი სივრცეები ქვეყანაში და ყველაფერი (მათ შორის საჯაროდ ცირკულირებადი ინფორმაცია) დაუქვემდებაროს მის კონტროლს.  შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები დაიწყებენ ახალი საკანონმდებლო საფუძვლის ბოროტად გამოყენებას მედიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლის წინააღმდეგაც უკვე ისედაც აქტიურადაა გაჩაღებული ბრძოლა (ფიზიკური და ვერბალური თავდასხმები ჟურნალისტებზე, SLAPP საქმეები ტელეკომპანიების წინააღმდეგ, დისკრედიტაციის კამპანია და სხვა). 

3) სიძულვილის ენის დეფინიციისადმი არსებული განსხვავებული ხედვები, რომელიც მიუხედავად საკანონმდებლო განმარტებისა,  აფართოებს იმ შემთხვევათა რიცხვს, რომელიც ხელისუფლებამ შეიძლება სანქცირებას დაუქვემდებაროს.

4) ხელისუფლების მიერ თანასწორობის საკითხების და უმცირესობათა ჯგუფების საჭიროებების მუდმივი უგულებელყოფა (მაგ. ლგბტქი თემის სრული იგნორი ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში, 5 ივლისის ორგანიზატორთა არ დასჯა და სხვა), ზოგიერთ შემთხვევაში კი მიზანმიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკის წარმოება (მაგ. პრივილეგიების დაწესება დომინანტური რელიგიური გაერთიანებისადმი).  სიძულვილის ენის რეგულირება პირველ რიგში სწორედ უმცირესობათა დაცვით უნდა იყოს ნაკარნახევი, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ზოგადი პოლიტიკის ფონზე, არადამაჯერებლად გამოიყურება ცვლილებების ამოქმედება მათ სასარგებლოდ. 

5) გამოხატვის თავისუფლების ზოგადი ღირებულება და მნიშვნელობა საქართველოს ტიპის მქონე ქვეყნებში, რომელიც ავტორიტარიზმის ზღვარზეა. 

ყოველივე აღნიშნულის ფონზე, სიძულვილის ენის რეგულირება საქართველოში სავალალო შედეგების მომტანი იქნება. 

 

უხამსობის რეგულირება

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიღებამდე დაემატა კიდევ ერთი ცვლილება. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით იკრძალება “პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.” ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მისი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 10 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოშიც. კომუნიკაციების კომისიას ამ დრომდე არ ჰქონია საკანონმდებლო უფლებამოსილება, შეეფასებინა მაუწყებლის ეთერში გადაცემული პროგრამა ხომ არ არის ადამიანის უფლებათა შემლახველი და უხამსობის შემცველი. 

საკანონმდებლო ცვლილებებით დაგეგმილია, რომ კომუნიკაციების კომისიას დაემატოს ასეთი უფლებამოსილება, რაც მას გაუხსნის შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად გააკონტროლოს მაუწყებელთა ეთერში გასული პროგრამების შინაარსი და მათი პოლიტიკური, ლიტერატურული თუ სხვა ღირებულების იგნორის გზით, დაასანქციროს მაუწყებლები არასასურველი შინაარსის გამო. 

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში მოიძებნება მაგალითი, როდესაც კომუნიკაციების კომისიამ, კანონის საწინააღმდეგოდ 2021 წელს უკვე  განიხილა მთავარი არხის ეთერში გასული სიუჟეტი ზემოთ აღნიშნულ ნორმებთან მიმართებით. სიუჟეტი პოლიტიკური სატირის შემცველი იყო და აქცენტს აკეთებდა პარლამენტის უფუნქციობაზე. თუმცა კომისიამ ერთი მხრივ იმოქმედა უკანონოდ როდესაც საერთოდ განიხილა ეს საკითხი, მეორე მხრივ კი თვალები დახუჭა სადავო კადრებისა და განცხადებების პოლიტიკურ ღირებულებაზე . შედეგად, მთავარი არხი სამართალდამრღვევად ცნო. 

ამგვარი გამოცდილების ფონზე, გარდაუვალია მსგავსი შემთხვევების განმეორება და მაუწყებელთა დაჯარიმება არასასურველი შინაარსის გადაცემის გამო. ყურადსაღებია ისიც, რომ აღნიშნული ცვლილებები ხდება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ხოლო წარსული გამოცდილებით კომუნიკაციების კომისია აქტიურობას სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში იწყებს ხოლმე. 

გასათვალისწინებელია ისიც, თუ რის ფონზე და რა კონტექსტში ხდება აღნიშნული ცვლილებების მიღება. 2023 წლის მარტში განვითარებული მოვლენების შემდგომ, ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად დაანონსა, რომ ისინი შეცვლილი სტრატეგიით გააგრძელებდნენ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლას. შედეგად ბოლო თვეებში უკვე მივიღეთ არაერთი უფლების შემზღუდველი სამართლებრივი ნორმა (დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის კარვების გამოყენების აკრძალვა აქციებზე; პარლამენტის შენობაში პოსტერების შეტანის აკრძალვა და სხვა), რომელიც ლახავს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს. 

ზემოთგანხილული ცვლილებები აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებაა, რომელიც მოსალოდნელია რომ კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს საარჩევნო წელს.


____________________________________

 

1 „აუდიოვიზუალური მედია სერვისების შესახებ“ ევროკავშირის დირექტივის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
2
Opinion on the Law of Georgia on Broadcasting, prepared on the basis of the expertise by Council of Europe experts: Eve Salomon and Sally Broughton Micova, February 2023, გვერდი 27, იხ.: https://tinyurl.com/y7eu68jh [ბოლოს ნანახია 16.10.2023].

3 U.S. Department of State, Bureau of Democracy, Human Rights and Labor, Georgia 2021 HumanRights Report, page 35, იხ.: https://www.state.gov/wp-content/uploads/2022/03/313615_GEORGIA-2021-HUMAN- RIGHTS-REPORT.pdf