GDI-ს განცხადება კარვების გაშლის მოსალოდნელ აკრძალვაზე

GDI ეხმიანება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია რომ კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, იქნება შეკრების თავისუფლების დარღვევის და აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიის ახალი იარაღი.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები წარადგენენ კანონპროექტს, რომლითაც დემონსტრაციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობა და კარვების გაშლა აიკრძალება, თუ მათი „მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; ან თუ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება“. აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჯარიმა 500 ლარი, ან 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო აქციის ორგანიზატორის მიერ დარღვევის შემთხვევაში - 5 000 ლარიანი ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა.

GDI-ის პოციზიით, დაგეგმილი კანონპროექტის მიღებით გაიზრდება დემონსტრანტების შეკრების თავისუფლებაში ხელისუფლების მიერ თვითნებურად ჩარევის საფრთხე. აღსანიშნავია, რომ წარსულში დაფიქსირებულა არაერთი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს  უკანონოდ არ მისცეს კარვების გამართვის შესაძლებლობა.[1] ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებლობა ისედაც უშვებს შეკრების თავისუფლების შეზღუდვას საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სხვათა უფლებების დასაცავად და ადმინისტრაციული ორგანოს შეუფერხებლად საქმიანობის უზრუნველსაყოფად.[2] ამ პირობებში, GDI მიიჩნევს, რომ კანონის გამკაცრება რეალურად ემსახურება არა რაიმე საჯარო ინტერესს, არამედ ქმნის აქციის მონაწილეთა დასჯის დამატებით ბერკეტს, რასაც მსუსხავი ეფექტი ექნება შეკრების თავისუფლებაზე.

როგორც საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ისე ეროვნული სასამართლოებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, შეკრების თავისუფლებით დაცული სფერო მოიცავს შეკრების დროის, ადგილის და ფორმის არჩევას, მათ შორის, კარვის/დროებითი კონსტრუქციის დადგმას.[3] რაც შეეხება ამ უფლების შეზღუდვას, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი რედაქციით, კარვის ან სხვა კონსტურქციის მოწყობის შეზღუდვა შესაძლებელია, როცა ხდება ტრანსპორტის სავალი ნაწილის  სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.[4] გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს შენობის ბლოკირებისა და საქმიანობის შეფერხების პრევენციისთვის, შეიძლება დაწესდეს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და შეზღუდვის კანონირებისა და კონსტიტუციურობის მოთხოვნათა დაცვით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი  არ იყოს უგულებელყოფილი.[5]

ამდენად, დაგეგმილი კანონპროექტით კანონმდებლობას დაემატება შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ახალი საფუძვლები, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, ზრდის ამ უფლების დარღვევის რისკს. საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით კიდევ უფრო შევიწროვდება პროტესტის თავისუფლად გამოხატვის სივრცე, რომლის შესამცირებლად უკვე განგრძობითად და ბოროტად გამოიყენება ადმინისტრაციული მართლმსაჯულება - სამართალდამცავთა მიერ თვითნებური ადმინისტრაციული დაკავებები და საპროცესო გარანტიებთან შეუსაბამო სასამართლო პროცესები.[6] შესაბამისად, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები გააგრძელებს შეკრების თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის ტენდენციას.



[1] სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, იხ.: https://shorturl.at/rWY29 [ბოლოს ნანახია 02.10.2023];  საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინ შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტს ეხმიანება https://shorturl.at/muC45 [ბოლოს ნანახია 02.10.2023];  საქართველოს სახალხო დამცველი რკინიგზელების შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს ეხმიანება https://shorturl.at/fwTX1 [ბოლოს ნანახია 02.10.2023]; შსს უხეშად არღვევს ბექა გრიგორიადისის შეკრებისა და გამოხატვის უფლებას https://shorturl.at/cimvD [ბოლოს ნანახია 02.10.2023].

[2] „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი.

[3] Guidelines on Freedom of Peaceful Assembly Second Edition Prepared by the OSCE/ODIHR Panel of Experts on the Freedom of Assembly, 2010, იხ.: https://www.osce.org/files/f/documents/4/0/73405.pdf [ბოლოს ნანახია 02.10.2023]; საქართველოს „საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის “, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია “, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე №3/6463–16; სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, იხ.: https://shorturl.at/rWY29 [ბოლოს ნანახია 02.10.2023].

[4] „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის 111 მუხლის მე-4 პუნქტი.

[5] „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი.

[6] GDI ადამიანის უფლებები საქართველოში 2021 და 2022, იხ.: https://shorturl.at/kMPW4 და https://shorturl.at/DHNWX ; სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქტივიზმი და შეკრების უფლებით სარგებლობა ქართული პრაქტიკის ანალიზი, იხ.: https://shorturl.at/aersF