GDI პრაიდზე თავდასხმაში ბრალდებულების გათავისუფლებას ეხმაურება

GDI ეხმაურება „თბილისი პრაიდის“  ოფისზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ხელისუფლების ერთიანი პოლიტიკის ნაწილი- უარი თქვას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ სათანადოდ ბრძოლაზე და მოძალადეების დასჯაზე.  დღევანდელი გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც მოძალადეთა გათავისუფლებას დიდი ხანია ითხოვენ ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის ალტ-ინფო. მსგავსი მოწოდებებით აქცია დაანონსდა 24 დეკემბერსაც, ამგვარი თანადროული პროცესი კი  დამატებით კითხვებს აჩენს სახელმწიფოს რეალურ ზრახვებთან დაკავშირებით.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმაში ბრალდებული სამი პირი 5000-5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა დარბაზიდან. მათ ჩამოერთვათ პასპორტები, აეკრძალათ პრაიდის ორგანიზატორებთან მიახლოება და დაევალათ ყოველკვირეული გამოცხადება პოლიციაში. სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ღონისძიებები მიზანშეწონილი და საკმარისი იყო მართლმსაჯულების განსახორციელებლად. მიუხედავად აღნიშნული შემაკავებელი ღონისძიებებისა, ვფიქრობთ მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს მხედველობაში მიეღო ის რისკები, რომელიც დაკავშირებულია პრაიდის ორგანიზატორებისა და ზოგადად ლგბტ თემის მიმართ გახშირებულ თავდასხმებთან და ძალადობრივი ჯგუფების მუდმივ მოწოდებებთან, რომელიც ქნის მსგავსი ძალადობრივი ქმედებების განმეორების რეალურ საფრთხეს. „თუ პრაიდის ორგანიზატორებს და ამ მედია პროპაგანდისტებს ისევ ექნებათ  იგივე ამბიციები, მე ჩემს აზრს გეუბნებით რომ, ეს რაც 5-ში მოხდა, ბევრად უფრო მძიმე ფორმებში დატრიალდება, ეს არის რეალობა რაც მოხდება, მუქარა არ არის.. რაც 5-ში მოხდა, იმაზე უფრო მძიმე ფორმები იქნება სავარაუდოდ...“-განაცხადა დღეს „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრმა კონსტანტინე მორგოშიამ.

 

GDI აგრძელებს 5 ივლისს დაზარალებული აქტივისტებისა და ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“  სამართლებრივ დახმარებას. სამართლებრივი დახმარება შესაძლებელი გახდა  „ღია საზოგადოების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - ,,იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის" - ფარგლებში.