GDI ეხმაურება „,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვის პროცესს და მის მესამე მოსმენით მიღებას.
2022 წლის 7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.[1] ცვლილებების მიზნად განმარტებით ბარათში მითითებულია აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპულ დირექტივასთან (შემდგომში დირექტივა) ეროვნული კანონმდებლობის დაახლოვება.[2] პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 20 სექტემბერს მიიღო, მეორე მოსმენით კი - 29 ნოემბერს,[3] ხოლო მესამე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა 19 დეკემბერს.[4] 2022 წლის 22 დეკემბერს კი პარლამენტი აპირებს კანონი მესამე მოსმენითაც მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ GDI-ს წარმომადგენლები აქტიურად ადევნებდნენ თვალს კანონპროექტის განხილვის პროცესს, მათ შორის ესწრებოდნენ კანონპროექტის შესახებ გამართულ მოსმენებს. GDI-მ გააკრიტიკა საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი, კერძოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივი აღსრულების შემოღება და პასუხის უფლებასა და სიძულვილის ენაზე კომისიის მანდატის გავრცელება. GDI-ის პოზიციით, კანონპროექტის ეს ასპექტები შეიცავდა (და შეიცავს) კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის სერიოზულ რისკებს და ეწინააღმდეგება ევროკავშირის წერვობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მიერ გამოცემული მოსაზრების მე-7 პუნქტს.[5] GDI-მ საკუთარი პოზიცია რეკომენდაციების სახით გაუგზავნა პარლამენტს. აღსანიშნავია, რომ GDI-ის რეკომენდაციები მნიშვნელოვნად ემთხვევა და შეესაბამება ევროსაბჭოს ექსპერტების პირველად მოსაზრებას „მაუწებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების 3 ძირითადი ასპექტის შესახებ.[6] ექსპერტების შუალედური მოსაზრება მომზადდა პარლამენტის მიმართვის საფუძველზე.[7] მიუხედავად ამისა, კანონპროექტში არ ასახულა არც ექსპერტების რეკომენდაციები და არც სამოქალაქო სექტორის, მათ შორის GDI-ის შენიშვნები.
შინაარსობრივი მხარის გარდა, საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესი არ იყო სათანადოდ ინკლუზიური. კერძოდ, კანონპროექტი პარლამენტს პირველ მოსმენაზე წარედგინა სამოქალაქო საზოგადოების სათანადო წინარე ჩართულობისა და კონსულტაციის გარეშე.[8] ამ მხრივ, პირველ მოსმენაზე აღინიშნა, რომ მაუწყებლებთან და სამოქალაქო/არასამთავრობო სექტორთან სადისკუსიოდ შეხვედრები მეორე მოსმენამდე შედგებოდა.[9] მიუხედავად ამისა, მეორე მოსმენამდე პარლამენტში გაიმართა მხოლოდ ერთი შეხვედრა, რომლის დროსაც გამოიკვეთა განხილვის გაგრძელების საჭიროება.[10]
კანონპროექტის განხილვის სწრაფი ტემპის მიზეზად დასახელებულია ის, რომ 2022 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში საქართველოს სრულყოფილი მონაწილეობის გაგრძელების წინაპირობას წარმოადგენდა შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია 2010/13/EU დირექტივასთან.[11] ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა, რომ ევროკავშირის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტისა და ტექნოლოგიის დირექტორატის წარმომადგენლის 2022 წლის 1 დეკემბრის წერილის თანახმად, საქართველოს 2023 წლის 31 მაისამდე გაუხანგრძლივეს ვადა შესაბამისი საკანონმდებლო სამუშაოების დასასრულებლად.[12] ამ 6 თვიანი გადავადების მიუხედავად, კანონპროექტის შესახებ მესამე საკომიტეტო მოსმენა ისე გაიმართა, რომ საკანონმდებლო ორგანო არ დაელოდა არც ევროსაბჭოს ექსპერტების საბოლოო დასკვნას.
გადავადების პირობებში კანონპროექტის სწრაფი ტემპით განხილვის გაგრძელება საბოლოო ექსპერტული შეფასების გარეშე წარმოშობს ეჭვებს, თუ რამდენად არის საკანონმდებლო ცვლილებების მიღების რეალური მიზანი ევროკავშირის დირექტივასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელება და არა ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე. კრიტიკას იმსახურებს ისიც, რომ პარლამენტმა არ გაითვალისწინა დეპუტატ თამარ კორძაიას მიერ წარდგენილი ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც (განსხვავებით მმართველი ძალის მიერ მომზადებული ინიციატივისა) მედია სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობით და მათთან შეთახმებით მომზადდა.
აღნიშნულის ფონზე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეაჩეროს პროცესი და კენჭი არ უყაროს წარმოდგენილ ინიციატივას.
იხილეთ GDI-ს და ევროსაბჭოს ექსპერტების შეფასებები “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
[1] იხ. კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“: https://bit.ly/3YD3JWN [ბოლო ნახვა 21.12.2022].
[2] იხ. განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე: https://bit.ly/3FNwl6X [ბოლო ნახვა 21.12.2022].
[3] იხ. პირველი მოსმენის კენჭისყრის შედეგები: https://bit.ly/3G6Ktd4 [ბოლო ნახვა 21.12.2022]; იხ. მეორე მოსმენის კენჭისყრის შედეგები: https://bit.ly/3FMs7wp [ბოლო ნახვა 21.12.2022].
[4] იხ. 2022 წლის 19 დეკემბერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ ანონსი: https://bit.ly/3PJfmY8 [ბოლო ნახვა 21.12.2022].
[5] GDI-მ პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ“კანონპროექტზე შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მიმართა, იხ: https://bit.ly/3WgK6lS [ბოლო ნახვა 21.12.2022].
[6] Initial Expert Opinion prepared on the basis of the expertise by Council of Europe experts Eve Salomon and Sally Broughton Micova on Three Key Aspects of the amendments package to the Law of Georgia on Broadcasting, ISD/2022/1, Strasbourg, 25 November 2022.
[7] იქვე, გვ. 4.
[8] იხ. მედიის ადვოკატირების კოალიციის 2022 წლის 21 დეკემბრის განცხადება: https://bit.ly/3Vgs9lS [ბოლო ნახვა 21.12.2022].
[9] იქვე.
[10] იქვე.
[11] იხ. განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე: https://bit.ly/3FNwl6X [ბოლო ნახვა 21.12.2022].
[12] Letter by Giuseppe Abbamonte (EU Directorate-General for Communications Networks, Content and Technology) on the subject of Participation of Georgia in the MEDIA and Cross-sectoral strands of the Creative Europe Programme (2021-2027), Brussels 1 December 2022 CNECT.I/GA, იხ.: https://bit.ly/3BNwyGj [ბოლო ნახვა 21.12.2022].